ეკა ბესელია კახა კალაძეს ურჩევს, მშობლის როლიდან გამოვიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ურჩევს, მშობლის როლიდან გამოვიდეს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კალაძის განცხადების შეფასება სთხოვეს.

"მე არ ვარ სტუმრად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. ამიტომ სტუმარს შეიძლება უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდი... თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ სხვაგან წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ამიტომ არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", ამბობს ბესელია.

"გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ეს არის ორგანული და ემოციური მომენტი ჩვენთვის",აღნიშნავს ბესელია.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის თემას, ბესელიას თქმით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

"არ ვართ ის ადამიანები, ვისაც თითი უინდა დაუქნიო. მინდა, ყველას მივმართო, მეგობრებო - გამოვიდეთ მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით ვისაუბროთ - მე მგონია, რომ ესეც (იგულისხმება კალაძის განცხადება) მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვა და გაახსენდა, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას", განაცხადა ეკა ბესელიამ.
Print
ბოლო სიახლეები