“ანაკლიის პროექტის ჩავარდნა ტრაგედია იქნება საქართველოსთვის“– მეთიუ ბრაიზას ვრცელი ინტერვიუ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველოში 2005 წელის ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის შემდეგ განხორციელებულა.პორტი მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დროს და რამდენიმე ალტერნატიულ მარშრუტს ჩაანაცვლებს, მათ შორის რუსეთის რკინიგზას.16 მეტრის სიღრმის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკური ტრანზიტისთვის, არამედ სამხედრო–თავდაცვითი შესაძლებლობებისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი.

ბუნებრივია, რომ ამ პროექტმა რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ამ რეგიონში უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტს განუცხადა, რომ სასწორზე დევს უზარმაზარი ფასი, თუ თბილისი მოსკოვის მხრიდან ზეოლას ვერ გაუძლებს. ამ თემებზე მეთიუ ბრაიზამ ომისა და მშვიდობისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას, რომელსაც ვაჟა თავბერიძე უძღვებოდა:

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პოტს საქარველოსთვის?


სტრატეგიულიად ანაკლიის პორტი საქართველოსთვის თამაშის წესებს შეცვლის. ის საქართველოს ანიჭებს პირდაპირ წვდომას მთელი მსოფლიოდან მსხვილ გადაზიდვებთან. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე მსოფლიოში საქართველოს ეკონომიკურ ადგილზე.

აქ, თურქეთში ვხედავ რომ არსებობს სამომავლოდ იმედისმომცემი ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები, მაგალითად კვების და სხვა ტიპის პროდუქტების გადაზიდვისთვის. მაგალითად, აშშ–ს სამხედრო პერსონალმა ავღანეთში შესაძლოა განიხილოს ანაკლიის პორტის გამოყენება სამხედრო ტვირთების გადასატანად თურქეთის პორტების, მაგალითად მერსინის პორტის ნაცვლად. ამგვარად, საქართველოში ბევრად გაიზრდება  ბიზნეს და ეკონომიკური აქტივობა, რაც საქართველოს და აშშ–ს სტრატეგიულ ურთიერთობებს გააძლიერებს.

პორტი ასევე აქცევს საქართველოს უფრო ძლიერ გლობალურ სავაჭრო ცენტრად და დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

რას იტყვით ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებზე? სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზი გასვა, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია.


ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს უნარს მყარად იდგეს ფეხზე ეკონომიკურად, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, რაც ბევრად შეამცირებს რუსეთის ბერკეტებს, რომლითაც მას საქარველოზე ზემოქმედება შეუძლია. სწორედ ამიტომ ვერ იტანს რუსეთი ამ პროექტს. აშშ არასოდეს ისწრაფვოდა რუსეთთან კონფრონტაციისკენ, აშშ–ს არც ის უნდა, რომ საქართველოს ქონდეს დაძაბული პოლიტიკური ან ეკონომიკური ურთერთობები რუსეთთან. მაგრამ რუსეთმა თავად გადაწყვიტა, რომ უნდა საქარველოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს, ცდილობს ის დააზიანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლით. ასე რომ, აშშ–სთვის ყველაფერი, რაც დაეხმარება საქართველოს, როგორც ქვეყნის გაძლიერებას, კარგია, სწორედ ასეთი კარგი პროექტია ანაკლიაც.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მოხერხდეს ამ პროექტზე რუსეთის ზეწოლის შესუსტება, თუ ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ?


იმედი მაქვს რუსეთი ისევე არ მოიქცევა, როგორც იქცეოდა მაშინ, როცა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე და სამხრეთ კავკასიურ გაზსადენზე ვმუშაობდით ორი ათწლეულის წინ. რუსეთს ის პროექტებიც სძულდა, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკური სისტემის მუშაობა საკუთარი მონოპოლიის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ეფუძნება. რუსეთს თითქმის მონოპოლიური ძალაუფლება ჰქონდა კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტში და მათ ამის შენარჩუნება უნდოდათ. ამიტომაც გვეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტ კლინტონის და პრეზიდენტ ბუშის დროს ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ის იმდენად დიდი ბერკეტებს ფლობდა, რომ ამ საქმეში ხმის უფლება არ ქონდა. საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს გამოიყენოს სამხედრო ძალა ანაკლიის პროექტის ბლოკირებისთვის, ამიტომაც თუ ეს პროექტი საშინელი შიდა სამართლებრივი დავით არ შთანთქეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში, ეს პორტი აშენდება და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს. ამიტომაც არ მადარდებს რუსეთის პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა თუ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, არ ვფიქრობ რომ ის ადვილად შეეშვება ამ საქმეს.

თქვენ ამტკიცებთ, რომ რუსეთი ამ პროექტის შეჩერებას ვერ შეძლებს და ასევე გამორიცხავთ სამხედრო ჩარევის შესაძლობლობას. მაგრამ რას იტყვით პოლიტიკურ ზეწოლაზე? ლოგიკური არ არის ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სინამდვილეში ცდილობს აღარ გაიმეოროს შეცდომა, როცა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენება დაუშვა?

რუსეთმა ამ შეცდომიდან შესაძლოა გაკვეთილი ისწავლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ცდილობდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტის დაბლოკვას. საქმე იმაში არ არის, რომ რუსეთი არ ცდილობს ტრანსადრიატიკული მილსადენის დაბლოკვას. ორივე შემთხვევაში რუსეთი აფინანსებდა არასამთავრობო ჯგუფებს, სავარაუდოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტს თითქოსდა ეკოლოგიური მოსაზრებებით აპროტესტებდნენ. ცოტა ხნის წინ კი აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს იტალიაში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენი საფრთხეს უქმნის ზოგიერთ ძველ ზეთისხილის ხეს იტალიაში. ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, როცა წინ გვაქვს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტის გამოცდილება, რუსეთის უნარი დაბლოკოს ისეთი პროექტი, როგორიც არის ტრანსადრიატიკული მილსადენი უკიდურესად შეზღუდულია. ამიტომაც, როცა საქმე ანაკლიას ეხება, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში მისი ბერკეტები ასევე შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად მე არ ვამბობ : “ნუ იდარდებთ რუსეთის მცდელობაზე გამოიყენოს პოლიტიკური, ან სულაც იურიდიული ბერკეტები ქართული სისტემის შიგნით. “ ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ და რასაც უნდა ვებრძოლოთ.


რუსეთს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე იტალიის მთავრობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქნილია თბილისი რუსეთის მხრიდან ზეწოლის მხრივ? რამდენად რეალისტურია სცენარი,  რომლის მიხედვით რუსეთი აიძულებს მას უარი თქვას ანაკლიის პროექტზე?

ჩემი აზრით ეს ნაკლებად რეალურია, რადგან საბედნიეროდ აშშ–ს მთავრობამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა ანაკლიის პორტის მხარდაჭერა პომპეოს განცხადებით, ასევე აშშ–ს საელჩოს განცხადებით სასამართლო საქმესთან დაკავშირებით.

უნდა ვთქვა, რომ ასეთი განცხადება საკმაოდ უჩვეულოა. ძალიან იშვიათია ისეთი განცხადებები, როგორიც საელჩომ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე გაავრცელა. საელჩო ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდება ამ საქმის განვითარებას და რომ შეშფოთებულია კონტექსტით და ვადებით. ახსენეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. სწორედ ასე ამბობს აშშ–ს მთავრობის ჩინოვნიკი: “ვშიშობთ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს შიგნით თავისი გავლენა გამოიყენოს ანაკლიის პროექტის დასაბლოკად.“ საელჩოს განცხადება გასაოცარი იყო. ასე რომ, თუ აშშ–ს ასეთი მხარდაჭერა პორტის პროექტის მიმართ გაგრძელდება, საკმაოდ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მანევრირების სივრცე საკმაოდ შეზღუდული იქნება.

პომპეომ საქართველო ჩინეთის ინტერესების შესახებაც გააფრთხილა. ეს ის მომენტი ხომ არ იყო, როცა პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებით ცუდ განწყობაზე იყო ჩინეთის მიმართ, თუ რამე კიდევ სხვა?

პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ დამაბნეველი და ხანდახან წინააღმდეგობრივია. არასოდეს იცი როდის და რას იტყვის პრეზიდენტი ჩინეთის საკითხზე. თუმცა ვაშინგტონში არსებობს კონსენსუსი იმასთან მიმართებაში, რომ ინიციატივა – “ერთი სარტყელი –ერთი გზა“ ჩინეთის ხელისუფლების ფარულ მოტივებს ასახავს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში, არამედ ჩინეთის გავლენის გაძლიერებას და ეკონომიკაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამიტომაც სიფრთხილე გონივრულია საქართველოსთვისაც.

ჩემი აზრით საქართველო არ უნდა ისწრაფვოდეს იაფფასიანი ჩინური დაფინანსების მოპოვებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქვეყანა, სადაც ჩინური ინფრასტრუქტურული პროექტები შენდება, საკუთრების უფლებას კარგავს, თუ ჩინურ კრედიტს ვერ დაფარავს. ამიტომაც ვურჩევდი საქართველოს ჭკვიანურად იმოქმედოს. ნუ გახდებით დამოკიდებული რომელიმე ცალკეულ ინვესტორზე. მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია ის.


კონტი ჯგუფი ერთ–ერთი მსხვილი ამერიკული საინჟინრო კომპანია და კონსორციუმის მთავარი აქციონერი ცოტა ხნის წინ პროექტიდან გავიდა. რას ნიშნავს ეს?


რამდენადაც მე ვიცი ეს თითქოს დიდი ხნის გადაწყვეტილება იყოს. თუ წილს სხვა რომელიმე კარგი საინვესტიციო ჯგუფი გამოისყიდის, პრობლემა არ უნდა იყოს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან პერსპექტიული პროექტია, გამოჩნდებიან სხვა დაინტერესებული ინვესტორები.

თუ გავითვალისწინებთ ანაკლიის პოტენციალს, რა როლი შეიძლება ანაკლიის პორტმა შეიტანოს საქართველოს პერსპექტივაში ნატოსთან მიმართებით?

ჩემი აზრით ეს უზარმაზარ გავლენას მოახდენს ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივაზე. ის გამოყენებულ იქნება ნატოს, აშშს აღჭურვილობის და სამხედრო ტექნიკის ავღანეთში ტრანსპორტირებისთვის. ნატო ასევე გამოიყენებს პორტს საქართველოში სამხედრო სწავლებებისთვის. მაგრამ რაც მთავარია, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთმა დაიფაროს, საქართველო სერიოზული საფრთხის ქვეშ ამოჩნდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ 5–ე პუნქტის გარანტიებმა საქართველოსთვის არ იმოქმედა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატომ საპასუხო საბრძოლო მოქმედებები განახორციელოს, თუ რუსეთი კვლავ მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას. მაგრამ რუსეთის შემოჭრისთანავე 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობდა აუცილებლობა საქართველოში გარკვეული პროდუქციის შემოტანის და რუსეთისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის მიცემის. ეს ადვილი არ იყო ფოთის პორტის იმედად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირეს, რომლებიც საქართველოს აშშ–მ მისცა. ისეთი დიდი პორტის შემთხვევაში, როგორც ანაკლიაა, მატერიალურ–ტექნიკური შესაძლებლობები ნატოსთვის ბევრად ფართოა. ანაკლიის პორტი დაეხმარება საქართველოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისკენ სვლაში, მათ შორის ევროკავშირისკენ, რადგან ბევრად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას შავი ზღვის გავლით ან თურქეთის სრუტეების გავლით დანარჩენ სამყარომდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ გავლენას და მის შესაძლებლობას, გააკონტროლოს საქართველო, ჩემი აზრით ამის ეშინია რუსეთს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ანაკლიაში აშშ–ს და ნატოს რეგულარული ყოფნა მიუღებელი იქნებოდა და ამას გააპროტესტებდა, მაგრამ ჩემი აზრით რუსეთისთვის ისიც სტრატეგიული გამოწვევაა, რომ საქართველომ არ განავითაროს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები ანაკლიის პორტის საშუალებით.

რუსეთს რომ მოეხერხებინა საბოლოო ჯამში პროექტის გაყინვა ან გადადება, რა იქნებოდა ამის ფასი რეპუტაციულად საერთაშორისო დონეზე?

ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცისთვის საქართველოს უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევდა. მაშინ სრულიად ნათელი იქნებოდა, რომ საქართველო საკუთარი თავის უფროსი არ არის და მისი დამოუკიდებლობა არა რეალური, არამედ ეფემერულია. თუ გავითვალისწინებთ პროექტის მიმართ ქართული საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას და მაღალი კლასის გუნდს, რომელმაც პროექტი შეიმუშავა, თუ ასეთი სერიოზული ინვესტორები ჩამოაშორეს ამ პროექტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კვაზი–დამოუკიდებელია და ამასთანავე ძალიან გამყინავი სიგნალი იქნება საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ასე რომ, ეს ტრაგედია იქნება საქართველოსთვის.

რას იტყვით ცოტა ხნის წინ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კონსორციუმის ქართველი წევრების წინააღმდეგ? მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თვლიან, რომ ფულის გათეთრების ბრალდება მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.

არ ვიცი ყველა ფაქტი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომელიც თქვენთან ცირკულირებს. როგორც ვიცი, მამუკა და ბადრი ამტკიცებენ, რომ სადაო ტრანზაქცია კანონიერი და ოფიციალური იყო. და რამდენადაც მახსოვს ეს ტრანზაქცია რუსეთის შემოჭრის პერიოდს ემთხვევა. ასეთ რთულ მომენტში ბევრი ქართველი ფსიქოლოგიურად მოტყდა, მათ შორის მაშინდელი მთავრობის მინისტრები. მთელ საქართველოში გაურკვეველი ვითარება იყო უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და იყო სასოწარკვეთა. როგორც ჩანს ეს გარიგება ამ პერიოდში ხდებოდა. ბადრი ჯაფარიძე ერთ–ერთია იმათგან, ვისაც ვენდობი და ვისითაც აღფრთოვანებული ვარ. მას აშშს მთავრობაში აქვს უპატიოსნესი ადამიანის და პროფესიონალის რეპუტაცია. ყველაფერი, რასაც ის გაეკარა ბიზნესში წარმატებული იყო. თიბისი, ბორჯომი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანებიდან. ის მისაბაძი მაგალითია. იგივე შემიძლია ვთქვა მამუკაზე, თუმცა ბადრის უკეთ ვიცნობ. ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ ბადრი ოდესმე ფულის გათეთრებაში და უკანონო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობდა. ამ ბრალდებებმა შემძრა. არ ვამბობ, რომ ფაქტები მაქვს, მაგრამ შოკში ჩავვარდი.

და კიდევ ერთხელ, აშშ–ს საელჩო როგორც ჩანს ძალიან შეშფოთებულია ვადებით, როცა 10–11 წლის წინანდელი საქმე ამოტივტივდება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პროექტის ჩაგდებას ცდილობს და ეზიზღება ეს პროექტი. როგორც ჩანს ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია აშშ–ს საელჩოში ჩემი ყოფილი კოლეგების ეჭვები, რომლებიც ჩემზე კარგად იცნობენ სიტუაციას. იმედი მაქვს მალე გახდება ცნობილი ფაქტები, არის თუ არა ეს სასამართლო საქმე დაკავშირებული ანაკლიის პროექტის საფრთხეებთან. პორტის პრექტის განვითარებასთან ერთად აშშ–ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა და საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ პროექტი აშენდება იმედს მაძლევს. რატომ ფიქრობს მამუკა ხაზარაძე, რომ ხელისუფლება მისი და პორტის პროექტის წინააღმდეგ იბრძვის, არ ვიცი. მან ჩემზე ბევრად მეტი იცის. მაგრამ ემოციურად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ დაგადანაშაულეს 11 წლის წინანდელ საქმეში, რა თქმა უნდა, შეიძლება მძაფრი რეაქცია გქონდეთ. ახლა, თუ გავითვალისწინებთ რომ მამუკას პოლიტიკური მიზნებიც აქვს,და ყველა ეს ფაქტორი სახეზეა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად რეალურია, მის წინააღმდეგ ბრალდებები ამ მომენტში სწორედ ფარულ მოტივებს უკავშირდებოდეს.


ინტერვიუს ორიგინალური ვერსია



Print
ბოლო სიახლეები