ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერის მეგობარი ქალი. დაუნინგ სთრითის ისტორიაში პირველად იქ დაუქორწინებელი წყვილი ცხოვრობს
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პირველი პრემიერ მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში ცოლს შორდება და სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს. ეს ქალი კერი საიმონდსია, რომელიც ჯონსონზე 23 წლით უმცროსია. ის კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. დიდ ბრიტანეთში ცდილობენ გამოიცნონ, იქნება თუ არა ის პრემიერ მინისტრის გვერდით ოფიციალური ვიზიტების დროს და რა როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკაში.

გოგონა ვარდისფერ კაბაში

25 ივლისის დილას 55 წლის ბორის ჯონსონმა სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის რანგში დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე რეზიდენციის კართარ. მან პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი მისი დახმარებით გამოვა ტყვეობიდან, რომელშიც 2016 წელს ბრექსითის რეფერენდუმის შემდეგ აღმოჩნდა და რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის წაგებას ვარაუდობდა,  დამარცხდებიან.

ფოტოგრაფები და ოპერატორები ჯონსონის გარდა იმ ადამიანებსაც იღებდნენ, რომლებიც მისგან მარჯვნივ იდგნენ სიტყვის წარმოთქმის დროს.

მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი ღია ფერის გრძელი თმით და ღია ვარდისფერი ყვავილებით დაპრინტული კაბით. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს კაბა Ghost –ის ბრენდისაა და 120 ფუნტი ღირს. იმავე დღეს ასეთი კაბები მთლიანად გაიყიდა.



ვარდისფერკაბიანი გოგონა კერი საიმონდსი აღმოჩნდა. მას მედია დიდი ხანია იცნობს – ის ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პიარ–სპეციალისტი და კონსერვატიული პარტიის პრესის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.

თუმცა ეს მისი პირველი გამოჩენა იყო სხვა – ბორის ჯონსონის მეგობარი ქალის სტატუსით. ჯონსონი ორჯერ იყო დაქორწინებული, ყავს ხუთი შვილი, აქედან ერთი ქორწინების გარეშე ურთიერთობებიდან.

2018 წლის სექტემბერში ჯონსონმა და მისმა მეორე ცოლმა მარინა უილერმა განაცხადეს, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და განქორწინების პროცესში არიან. მაშინვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსი კერი საიმონდსს ხვდებოდა.

ზაფხულში ტაბლოიდები მათ რომანზე წერდნენ როგორც დადასტურებულ ფაქტზე, ივლისის ბოლოს კი გამოცხადდა, რომ კერი ბორისთან ერთად დაუნინგ–სთრითის რეზიდენციაში გადავა.

“ჩვენ ერთად ვისადილეთ რამდენიმე წლის წინ. ის მისი თაობის სხვა პოლიტიკოსებს გავს – ჭკვიანია, მომხიბვლელია, მშვენიერია, ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან კარგია“ – ამბობს ბიბისის პოლიტიკური მიმომხილველი რობ უოტსონი.

კერი საიმონდსი ამჟამად 31 წლის არის. მამამისი ჟურნალისტი და ლიბერალური გაზეთის, Independent–ის დამფუძნებელი მეთიუ საიმონოდსია. დედა ამავე გამოცემის ყოფილი იურისტი ჯოზეფინა მაკაფი.



კერი ლონდონის დასავლეთში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც სწავლა წელიწადში 15 000 ფუნტი ღირს. დაამთავრა უირიკის უნივერსიტეტი ხელოვნების და თეატრის ისტორიის განხრით.
2012 წელს საიმონდსმა და ჯონსონმა პირველად გაიცნეს ერთმანეთი – 24 წლის სპეციალისტი მის შტაბში ლონდონის მერის არჩევნების დროს მუშაობდა. ის არჩევნები ჯონსონმა მოიგო.

საიმონდსის მთელი შემდგომი კარიერა კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსან წევრებს უკავშირდება. ის ამაჟმინდელი ფინანსთა მინისტრის, საჯიდ ჯავიდის გუნდში პიარს ხელმძღვანელობდა. იყო კულტურის მინისტრის, ჯონ უიტინგდეილის პრეს მდივანი. მუშაობდა შინაგან საქმეთ ექს მინისტრთან, ემბერ რადთან და ამჟამინდელ უპორტფელო მინისტრთან, მაიკლ გოუისთან ერთად.


2018 წელს, რამდენიმე თვით ადრე, სანამ პრესა ჯონსონთან მის ურთიერთობებზე ალაპარაკდებოდა, კერი საიმონდსი კონსერვატიული პარტიიდან წავიდა და ამჟამად მსოფლიო ოკეანის დაცვის საქველმოქმედო პროგრამებზე მუშაობს.

ძალადობის მსხვერპლი

2007 წლის ივლისში 19 წლის სტუდენტი, კერი საიმონდსი წვეულებიდან წავიდა და ლონდონში ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როცა შავი კები მიუახლოვდა. მძღოლმა სახლში წაყვანა შესთავაზა. სამონდსმა უთხრა, რომ ტაქსის ფული არ ქონდა. თუმცა მძღოლმა უთხრა, რომ ისედაც მისი მიმარულებით მიდიოდა და ფული არ იყო საჭირო.

მანქანაში ჩაჯდომიდან მელვე მძღოლი გოგონას მოუყვა, რომ კაზინოში დიდი თანხა მოიგო და შესთავაზა გამარჯვება ერთად შამპანურით აღენიშნათ. მოგვიანებით გოგონა იხსენებდა, რომ მოერიდა უარი ეთქვა ადამიანისთვის, რომელმაც დახმარება შესთავაზა, ამიტომ ჭიქა გამოართვა, თუმცა სამეული შეუმჩნევლად გადაღვარა. მოგვიანებით მძღოლმა მანქანა გააჩერა, თითქოს ტუალეტში უნდოდა და მხოლოდ 10 წუთის შემდეგ დაბრუნდა. გოგონასთან უკანა სავარძელზე დაჯდა და მას არაყი შესთავაზა. საიმონდსმა თავიდან უარი უთხრა, თუმცა მძღოლი დაჟინებით თხოვდა და გოგონამ უარი არ უთხრა, თუმცა სთხოვა დაუყოვნებლივ სახლში წაეყვანა. “მესმის, რომ სისულელემდე გულუბრყვილო ვჩანვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ვხვდები რომ მართლა ასეთი ვიყავი. ის ძალიან ჭკვიანი იყო. ისე მაგრძნობინა თავი, თითქოს მის წინაშე ვალში ვიყავი“– იხსენებდა მოგვიანებით საიმონდსი.


გოგონას არ ახსოვს, რა მოხდა შემდეგ – გონს რომ მოვიდა უკვე სახლში იყო. როგორც დედამისი ყვება, გოგონა ფეხზე ძლივს იდგა. საიმონდსი ამბობს, რომ არ ახსოვს, გააუპატიურა თუ არა ის კების მძღოლმა.

მამაკაცი 2008 წელს დააკავეს. ეს არის ჯონ უორბოიზი, რომელმაც დაკავებამდე უკვე შეარქვეს “მოძალადე კებიდან“. პოლიცია თვლის, რომ მან ასამდე გაუპატიურება და თავდასხმა ჩაიდინა იმავე სქემით.სასამართლოში მოწამვლის და ძალადობის მხოლოდ 12 ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. თავად უორბოიზი ბრალდებას სრულად უარყოფდა. ამიტომაც საიმონდსმა, როგორც თვითონ ამბობს დაძლია სირცხვილის გრძნობა და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

2009 წელს სასამართლომ უორბოიზი ციხეში გაურკვეველი ვადით – მინიმუმ რვა წლით გაუშვა, რომლის შემდეგაც კომისიას უნდა განესაზღვრა, საშიში იყო თუ არა ის კვლავ საზოგადოებისთვის.ამ ვადის გასვლის შემდეგ მამაკაცმა გათავისუფლება ითხოვა. ეს რომ შეიტყო, საიმონდსმა კამპანიის ორგანიზება მოახერხა, რომლის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ უორბოიზი, რომელმაც დანაშაული არ აღიარა და არ მოინანია კვლავ საშიში იყო.საბოლოოდ მას გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.


ეს არის ერთი მძიმე ეპიზოდი კერი საიმონდსის ცხოვრებიდან. თუმცა მისი ცხოვრების შსახებ მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ბრიტანულმა მედიამ უკვე უწოდა მას სამომავლოდ “საზარბაზნე ხორცი“ ტაბლოიდებისთვის. ამიერიდან მისი ცხოვრების ყველა დეტალი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდება.


კიდევ ერთი სკანდალი ბორის ჯონსონის მეგბარი ქალის ცხოვრებაში, რომელიც მედიაში მოხვდა ლონდონის სამხრეთით მდებარე მისი სახლიდან გამოსული ხმაურის გამო პოლიციის გამოძახება იყო. მეზობლებმა სახლიდან დარტყმის ხმა, ყვირილი და სხვადასხვა ხმები გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. გაზეთ Guardian–ის ხელში მოხვდა აუდიოჩანაწერის გაშიფრული ვერსია, რომელიც როგორც ამტკიცებდნენ, მეზობლებმა გააკეთეს: ჩანაწერის მიხედვით ჩხუბის ერთ–ერთი მიზეზი დივანი გახდა, რომელზეც ჯონსონმა წითელი ღვინო დაღვარა. გაზეთის ცნობით ქალი ყვიროდა: “გამანებე თავი, წადი ჩემი სახლიდან!“ . გარდა ამისა, კაცს ადანაშაულებდა რომ მას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და განებივრებული ბავშვივით იქცეოდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტის ყველა მონაწილეს ესაუბრნენ და საქმის შემდგომი მსვლელობის საფუძველი არ არსებობდა. ბორის ჯონსონის წარმომადგენლებმა ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.


რამდენიმე დღეში გაზეთებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც წყვილი ერთად იჯდა მაგიდასთან ნაზად ხელჩაკიდებული. ჟურნალისტებმა პოლიტიკოსი ფოტოს “დადგმაში“ და პრესაში შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულეს, რათა მის წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილი არ მიდგომოდა. თავად ჯონსონი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა.


ურთიერთობების კომენტირებას ჯონსონიც ერიდება და მისი მეგობარი ქალიც.საიმონდსი თითქმის ყოველდღიურად წერს ტვიტერში გარემოს დაბინძურებაზე და სხვა პრობლემებზე: ქალების წინდაცვეთიდან დაწყებული ბავშვების და ცხოველების უფლებებით დამთავრებული. მისი პირადი ისტორიები სოციალურ ქსელში არ იძებნება. ჯონსონმა კი პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: “ არ ვაპირებ პრესას მოვუყვე იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს.“



რას იტყვის დედოფალი

პოლიტიკური მიმომხილველების და ექსპერტების აზრით კერი საიმონდსს ახლა მთელი ბრიტანეთი მისჩერებია და მისი ამჟამინდელი პოზიცია უნიკალურია – დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში დაუქორწინებელ წყვილს მისი გახსნის მომენტიდან– 18–ე საუკუნიდან არ უცხოვრია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კერი საიმონდსი საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობას მოერიდება. მას არ ყავს თავისი გუნდი, არასოდეს ქონია დამოუკიდებელი ამბიციები და ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს. არანაირი ფორმალური პროტოკოლური შეზღუდვები კერი საიმონდსს არ აქვს, მას შეუძლია თან ახლდეს ბორის ჯონსონს სახელმწიფო ვიზიტებისას. თუმცა წყვილი ერთად ვერ გამოჩნდება დედოფალთან.

არჩევიდან მალევე ჯონსონი შოტლანდიაში წავიდა, სადაც ელისაბედ მეორეს საფხულო რეზიდენციაში, ბალმორალში ესტუმრა. ის მარტო იყო. სამეფო ოჯახის ექსპერტები ამბობენ, რომ მეგობარ ქალთან ერთად დედოფალთან პრემიერის მისვლა ყველასთვის “საშინელი უხერხულობა“ იქნებოდა, რადგან ჯონსონი ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის განქორწინებული ყოფილ ცოლთან, დედოფალი კი ასეა თუ ისე ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია.



Print
ბოლო სიახლეები