“არხზე მომუშავე თანამშრომლების უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია“– იმედის კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ
მწერალი ტორესა მოსი, რომელიც პარალელურად ტელეკომპანია იმედში მუშაობს ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ მოვლენების შესახებ ყვება, რომლებიც ტელეკომპანია იმედის ეთერში  11 აგვისტოს გასულ ფილმს თავად ტელეკომპანიის შიგნით მოჰყვა. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა და მასში საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები დაინახეს. ფილმის ეთერში გასვლისას მისი ავტორი მითითებული არ ყოფილა, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ იმედის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმი მისი პროდიუსერობით მომზადდა. ფილმის შინაარსს გაემიჯნენ იმედის თანამშრომლებიც, რომლებმაც თითქმის ერთდროულად ფეისბუქით გაავრცელეს მსგავსი შინაარსის სტატუსები: „არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

ტორესა მოსი საკუთარ ვრცელ სტატუსში ამბობს, რომ თანამშრომლების უმრავლესობა დემორალიზებულია და მათ ნიკა ლალიაშვილი ძალით დაასვეს თავზე. გთავაზობთ სრულ ტექსტს:

“შევეცდები მოკლედ მოვყვე ამ ფილმის ამბავი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა. ვინც არ იცის, მეც იმედზე ვმუშაობ, ფროდაქშენში (ნიუსთან არანაირი კავშირი არ მაქვს). როდესაც ეს ნაბიჭვრობა (ფილმს ვგულისხმობ) დაიდო, სამეგრელოში ვიყავი და რომანზე ვმუშაობდი უინტერნეტო გარემოში და სრულიად შემთხვევით ვნახე ერთი დღის დაგვიანებით. ჩემი პირველი რეაქცია იყო რა თქმა უნდა საჯაროდ დამეგმო და არხიდან ასევე საჯარო განცხადებით წავსულიყავი, თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე შემენარჩუნებინა კორპორაციული ეთიკა (ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ყოველთვის, მათ შორის ასეთ დროსაც, რადგან მიმაჩნია, რომ სხვისი დანაშაული პირადი პასუხისმგებლობებისგან არ გვათავისუფლებს) და ზუსტად ამ ტექსტით: „ვინ გააკეთა ეს ნაბიჭვრობა?“ (ტექსტი უფრო ვრცელი იყო რა თქმა უნდა) ჩავაგდე იმედის თანამშრომლების შიდა ჯგუფში და მოვითხოვე არხს მოეხადა ბოდიში და ამის გამკეთებელი დაესაჯა. ამას მოჰყვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი განცხადების მოწონება და მხარდამჭერი კომენტარები. იმისათვის, რომ პროცესი ძალიან არ გაჭიანურებულიყო, დავიწყე ამ ლინკის გზავნა იმ ადამიანებთან, ვისთანაც პირადად მაქვს კონტაქტი. აღმოჩნდა, რომ არხზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობას (მათი დიდი ნაწილი დღემდე შვებულებაშია), მათ შორის პროდიუსერებს, ფილმი ნანახი არ ჰქონდათ და არც არავინ იცოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ავტორი. ჩემს პოსტს მოჰყვა თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა, მირეკავდნენ და მწერდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ, რომ იზიარებდნენ ჩემი განცხადების პათოსს.

ამასობაში ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტებმაც და პროდიუსერებმაც აქტიური პროტესტი გამოხატეს. შედეგად, ბოლოსდაბოლოს, გაირკვა, რომ ვიდეოს ავტორი (ყოველშემთხვევაში პირადი აღიარება არსებობს) ყოფილა ვინმე ნიკა ლალიაშვილი, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა. ამასობაში Paata Shamugia-სთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდა მომხდარს ჩემთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ეს ვინმე ნიკა ლალიაშვილი მოიყვანეს და მათ შორის ნიუსში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად დაგვასვეს ყველას თავზე. დღეს დავბრუნდი თბილისში. მოკლედ შევაჯამებ ახლა რაც ხდება. არხზე მომუშავე თანამშრომლების სრული უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია. რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე ფორმით რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. როგორც იმ შიდა განცხადებაში ვთქვი, თუ არხი არ მოიხდიდა საჯაროდ ბოდიშს, ვიდეო არ წაიშლებოდა და გამკეთებელი არ დაისჯებოდა, მე იგივე განცხადებას გავაკეთებდი საჯაროდ, თუმცა არ ვაპირებ შევუქმნა ეს კომფორტი, რომ ჩემი ფეხით წამოვიდე იქიდან. აქვე ვამბობ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მე ვიქნები მანდ, ან ნიკა ლალიაშვილი და სანამ ვიქნები, ყოველ დღე, საჯაროდ ვამხელ და ყოველი დღე იქნება კონკრეტული ფასი.

ჩემთვის ამის კეთება გაცილებით მარტივია, მე მწერალი ვარ, წამოვალ და დავწერ, ვერავინ შემაფერხებს და შემიშლის ხელს. გაჭირვებაც გამომივლია უსახლკარობაც და შიმშილიც, ჩემთვის ეს არც პირველი იქნება და როგორც ვატყობ ამ ქვეყანაში, არც უკანასკნელი :) ფეხებზეც მკიდია, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ტელევიზია მთავარი სამუშაო სივრცეა, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ და მათ უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ჟურნალისტების, ისე სხვა თანამშრომლების მხრიდან პირველივე დღიდან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და ვიცი, რომ ამ საკითხში იმედზე მომუშავე ადამიანების სრული უმრავლესობა ერთიანია. მოდით სხვებს ნუ მოვთხოვთ იმ გმირობას, რომელსაც ხშირად თვითონ ვერ ჩავიდენდით. საბოლოოდ, არაფერი დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება და თუ მართლა გინდათ, რომ ამის გამკეთებელი დაუსჯელი არ დარჩეს, თუ მართლა გინდათ, რომ შექმნილ პირობებში, იმედში მოქმედების თავისუფლება არ მივცეთ პუტინის პროპაგადისტული მანქანის მუშაობას, შეეშვით ჟურნალისტების ლანძღვას და სწორად შეარჩიეთ ადრესატი, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლა ყველა ერთ მხარეს ვართ. ჰო, რა თქმა უნდა მე გადავედი საბრძოლო რეჟიმზე და რადგან ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი, ან ყველაფერი, ან არაფერი. :D #დაისაჯოსნიკალალიაშვილი #არხმამოიხადოსბოდიში #წაიშალოსვიდეო

პ.ს. კომპანიის მფლობელებს მინდა მივმართო, გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს? რა ვიცი, დავფიქრდებოდი თქვენ ადგილზე.“ – წერს ტორესა მოსი.
Print
ბოლო სიახლეები