ირანელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში 60%–ით იკლო.ეკონომიკამ მინიმუმ 221 მილიონი ლარით იზარალა
იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსი ვიზიტორების კლებაზე და ეკონომიკისთვის ამით გამოწვეულ ზარალზე აკეთებს აქცენტს, ბოლო სტატისტიკით ყველაზე მეტად საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობამ იკლო, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება ივლისის თვეში.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ გასული წლის ივლისთან შედარებით 6.4%–ით იკლო რაც 10 794 ტურისტით ნაკლებს ნიშნავს. ბევრად მეტია კლება ირანიდან – 60%, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ივლისში ირანიდან 20853 ტურისტით ნაკლები შემოვიდა 2018 წლის ივლისთან  შედარებით.

საინტერესოა 2019 წლის პირველი ორი კვარტლისა და ივლისის თვის შეჯერებული მონაცემები. ივლისის თვეში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად პირველი შვიდი თვის ჯამური მაჩვენებლით რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაინც გაზრდილია – 22.1 %–ით. ირანელი ტურისტების რაოდენობა კი 2019 წლის პირველი 7 თვის ჯამური მაჩვენებლით 58.3%–ით არის შემცირებული 2018 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

თუ გასული წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ირანიდან 179 449 ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში შემოსული ვიზიტორების რიცხვი 74 784–ს შეადგენს, ანუ წელს ირანელი ვიზიტორების რიცხვი უკვე 104 665 ადამიანით შემცირდა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არადა ბოლო წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი მუდმივად მზარდი იყო.

რას ნიშნავს ეს რაოდენობა თანხობრივად?

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2018 წელს საშუალო დანახარჯი თითო ვიზიტორზე ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

არაბთა გაერთიანებული საამიროები: 2656 ლარი (991 $)
ისრაელი: 2613 ლარი (975 $)
გერმანია: 2391 ლარი (892 $)
ირანი: 2116 ლარი (790 $)
ყაზახეთი: 1965 ლარი (733 $)
რუსეთი: 1513 ლარი (565 $)
უკრაინა: 1411 ლარი (526 $)
თურქეთი: 654 ლარი (244 $)
სომხეთი: 565 ლარი (210 $)
აზერბაიჯანი: 430 ლარი (160 $)


თუ ტურისტული ნაკადების შემცირების შედეგად მიღებულ ზარალს ზემოთმოყვანილი მაჩვენებლების მიხედვით დავითვლით, გამოვა, რომ ირანელი ტურისტების დაკარგვით ქვეყნის ეკონომიკამ 2019 წლის პირველ 7 თვეში 221 471 140 ლარი დაკარგა, თანაც კლების ტენდენცია, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო მზარდია. ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა გასულ წელს, მათ საქართველოს საზღვარზე პრობლემები შეექმნათ. მათ ხშირად საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნებოდნენ და უკან აბრუნებდნენ.

თეირანმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს საზღვარზე ირანელი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. 2018 წლის 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ბაჰრამიმ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე ირანის რამდენიმე მოქალაქეს უპატივცემულოდ მოექცნენ, რის გამოც ის ირანის მოქალაქეებს კავკასიის ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ეს ქასემის პირველი განცხადება არ ყოფილა საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე, 3 დეკემბერს, მან თქვა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ირანის 200-მდე მოქალაქეს, ისე რომ მიზეზი სათანადოდ ვერ განუმარტეს.
“არ იმოგზაუროთ საქართველოში, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს”, – ასეთი რეკომენდაცია მიიღეს ირანის მოქალაქეებმა თავიანთი საგარეო უწყებისგან.
ირანის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა თბილისი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაშინ განაცხადა, რომ თეირანსა და თბილისს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა და „დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები“, რათა უახლოეს ხანებში პრობლემა მოგვარდეს და ყველა გაუგებრობაზე გვქონდეს პასუხი.“
ექსპერტები მაშინვე აცხადებდნენ, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდებოდა, ირანელი ვიზიტორების შემცირება საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი აღარ გაუკეთებია.

მათი მუშაობის შედეგი კი სტატისტიკაში აისახა – 2019 წლის პირველ 7 თვეში საქართველომ 104 000 “ყველაზე მხარჯველი ვიზიტორი“ და შესაბამისად, მინიმუმ 221 მილიონი ლარი დაკარგა.

Print
ბოლო სიახლეები