პორტუგალიაში ბავშვი სახის გარეშე დაიბადა. ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

პორტუგალიელ გინეკოლოგს, არტურო კარვალიუს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მის კლინიკაში დაიბადა ბავშვი ცხვირის, თვალების და თავის ქალის ნაწილის გარეშე. მშობიარობამდე ბავშვის მშობლებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი შვილი.

ირკვევა, რომ ბოლო წლების მანძილზე მის წინააღმდეგ მინიმუმ ექვსი საჩივარი იყო აღძრული, მათ შორის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.

ბიჭი სახელად როდრიგო შვიდ ოქტომბერს ქალაქ სეტუბალის საავადმყოფოში, ლისაბონიდან 40 კილომეტრში დაიბადა. ექიმი კორვალიუ ბავშვის დედას ფეხმძიმობის განმავლობაში უწევდა მეთვალყურეობას. ქალმა სამჯერ გადაიღო ექოსკოპია, მაგრამ ექიმს არ გაჩენია არანაირი კითხვები ნაყოფის მდგომარეობის შესახებ.

მოგვიანებით როდრიგოს დედამ 5D ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარა სხვა კლინიკაში, სადაც მას შეატყობინეს ნაყოფის შესაძლო არასწორი განვითარების შესახებ. თუმცა ამის შემდეგაც ექიმმა კორვალიუმ მშობლებს ურჩია ამაზე არ ეფიქრათ.
“მან აგვიხსნა, რომ ხანდახან სახის ნაწილი ექოსკოპიის დროს არ ჩანს. თუ მაგალითად სახე საშვილოსნოს კედელზეა მიბჯენილი“– უყვება ბავშვის დეიდა ადგილობრივ გაზეთს.

ბავშვი სერიოზული დარღვევებით დაიბადა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ის ერთ კვირაზე მეტხანს ვერ იცოცხლებდა, თუმცა ექიმების პროგნოზის მიუხედავად ის გადარჩა. ამჟამად ბავშვი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

სხვა შემთხვევები

როდრიგოს დაბადების შემდეგ პრესაში ატყდა ხმაური და გაირკვა, რომ წარსულში ექიმ კორვალიოს პაციენტები არაერთხელ უჩიოდნენ.ზოგიერთი საჩივარი ჯერ კიდევ 10 წლის წინ აღიძრა. მაგალითად, 2011 წელს დაიბადა ბავშვი სახის და ფეხების დეფორმაციით და ტვინის სერიოზული დაზიანებით.


ამჟამად ბავშვი რვა წლის არის. მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ კვლავ ვერ ახერხებს სიარულს და ლაპარაკს. მშობლებმა ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს, თუმცა პროკურატურამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კიდევ ერთი საქმის აღძვრას 2007 წელს ითხოვდა წყვილი, რომლის შვილი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. თუმცა საქმე დაიხურა და სასამართლომდე არ მივიდა.თავად ექიმი კომენტარს არ აკეთებს.

საზოგადოების რეაქცია

პორტუგალიურ მედიაში ექიმის მისამართით ბრალდებების გაჟღერებამ აღშფოთების ტალღა და დებატები გამოიწვია ჯანდაცვის სისტემის ხარვეზების შესახებ.პორტუგალიის მედიკოსთა ასოციაციის მეთაური გასულ კვირას აცხადებდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამო გადაწყვიტა თავად დაკავშირებოდა კარვალიუს, რომელმაც უთხრა რომ გამოძიების დასრულებამდე სამედიცინო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს.


მოგვიანებით ასოციაციის დისციპლინარულმა საბჭომ ერთხად გადაწყვიტა მისთვის სამედიცინო პრაქტიკის ექვსი თვით შეწყვეტა. ექიმს სერიოზული დისციპლინარული ზომები ემუქრება.


Print
ბოლო სიახლეები