რა საფრთხეებს შეიცავს პოპულარული ცილოვანი დიეტები
ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ე.წ. ცილოვანი დიეტები – განსაკუთრებით დუკანის და ატკინსის დიეტა. კვების ამგვარ რაციონში, როგორც წესი ჭარბობს ცილით მდიდარი პროდუქტები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება.

ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში შედარებით იოლად იკლებენ და ის ეფექტურია როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში. ამერიკელი მეცნიერების მიერ უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში ახლახან დასრულებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში ისე იკლებენ, რომ ძვლოვან და კუნთოვან მასას ინარჩუნებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის და მათი მობილურობის შენარჩუნებისთვის.

კვლევის საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებმა წონაში 6 თვის მანძილზე, დაახლოებით 8.1 კგ დაიკლეს. აღმოჩნდა, რომ დაკლებული წონის 87% შუატანის ცხიმზე მოდიოდა. ცილის მიღების დღიური ნორმა ექსპერიმენტის მონაწილეებს ექიმებმა ასე განუსაზღვრეს: სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე - 8 გრამი ცილა.

თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ კვების დროს უმეტესად აუცილებელია ბალანსის და მრავალფეროვნების დაცვა. როცა ერთი ტიპის საკვებს მეორეს შემცირების ხარჯზე გაზრდი, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ე.წ. ცილოვანი დიეტების მიმდევრებს ხშირად აღენიშნებათ კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მაღალი ქოლესტერინი, მცენარეული ბოჭკოს მიღების სიმცირით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ნაწლავის კიბოებიც. რისკების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია რაციონში წითელი ხორცის შემცირების რეკომენდაციით გამოდის.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ავსტრალიელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღებაზე დაფუძნებული დიეტები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს.  ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლებიც სჭირდება და ამ უკანასკნელის დრამატულად შემცირება ჯანმრთელობას ვნებს.

ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ცილების ჭარბად მიღების შემთხვევაში, უჯრედში ცილების სინთეზის პროცესი ჩქარდება. სწრაფ სინთეზთან ერთად, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ეს დაახლოებით ისევე ხდება, როგორც მანქანის ტარების დროს, რაც უფრო მაღალი სიჩქარით მივდივართ, მით მეტია შეცდომის დაშვების რისკი და ამ შეცდომით გამოწვეული შედეგის მასშტაბი - განმარტავენ მკვლევარები.

“ნახშირწყლებზე ბევრი ცუდი იწერება, განსაკუთრებით როცა საქმე დიეტას ეხება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ბალანსშია და იმის ცოდნაში, თუ რა განსხვავებაა “კარგ” და “ცუდ” ნახშირწყლებს შორის” - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ქრისტოფერ პროდი.

ის გახდომის მსურველებს ურჩევს ნახშირწყლები ხილით, ბოსტნეულით და გადაუმუშავებელი ბურღულეულით მიიღონ. გასახდომად და გაჯანსაღებისთვის კი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე დაფუძნებული რაციონი არჩიონ, რომელსაც წონაში კლების დადასტურებული ეფექტი აქვს და არც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

გახდომის ყველაზე ჯანმრთელ გზად ისევ მაქსიმალურად დაბალანსებული,  დღიური კალორიების 10-20 პროცენტამდე შემცირებაზე დაფუძნებული და მრავალფეროვანი კვება რჩება. მაქსიმალური ეფექტურობისთვის და დაკლებული წონის შესანარჩუნებლად, კვების ახალი რეჟიმი თვეების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.


Print
ბოლო სიახლეები