სახიფათო მაკიაჟი: რომელი ბაქტერიები იმალება თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში
ათიდან ცხრა კოსმეტიკური და კოსმეტიკის წასასმელი საშუალება პოტენციურად მომაკვდინებელი მიკრობებით არის დაბინძურებული – მათ შორის სტაფილოკოკებით და ნაწლავური ჩხირებით. და ეს ყველაფერი ყოველდღიურად ჩვენს სახეზე ხვდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ექიმები ბირმინგემის ასტონის უნივერსიტეტიდან, რამდენიმე ასეული კოსმეტიკის ჩანთის შეადგენლობის გაანალიზების შემდეგ.
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოსმეტიკის მომხმარებელთა უმრავლესობა არასოდეს რეცხავს მაკიაჟის წასასმელ ფუნჯს, ღრუბლებს და სრულიად აიგნორებენ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის ვარგისიანობის ვადის შესახებ.

შედეგად კოსმტიკის ჩანთაში მილიონობით ბაქტერია გროვდება, რომლებმაც სახეზე მოხვედრისას მთელი რიგი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს – განსაკუთრებით თვალების, პირის გარშემო ან კანის დაზიანებულ მონაკვეთზე მოხვედრისას, დაწყებული კანის ინფექციებით, სისხლის დაინფიცირებით დამთავრებული. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანები.
მეცნიერებმა მიკროსკოპით შეისწავლეს დეკორატიული კოსმეტიკის ხუთი ტიპი: ტუჩსაცხი, ტუჩის ბალზამი, თვალის ფანქარი, თვალის ტუში და მაკიაჟის წასასმელი ღრუბლები.

ბაქტერიების ყველაზე დიდი ბუდე სწორედ ღრუბლები აღმოჩნდა. მათ შორის შედარებით ახლებიც კი. მავნე მიკრობების კონცენტრაციამ ღრუბლებში ერთ მილილიტრზე მილიონი ბაქტერია შეადგინა. დანარჩენ კოსმეტიკურ საშუალებებზე დაბინძურების მაჩვენებელი სამ–ოთხჯერ ნაკლები იყო.

კოსმეტიკის მფლობელთა გამოკითხვისას გაირკვა, რომ ღრუბლების 93% არასოდეს გაურეცხავთ და გაუწმინდავთ, ამასთან, მათი ორი მესამედი ხმარების პროცესში არაერთხელ დავარდნიათ იატაკზე.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ღრუბელი ბაქტერიების გამრავლებისთვის შესანიშნავი ადგილია, რადგან მოხმარების შემდეგ მათზე ტენი და საკვები ნივთიერებები რჩება. კოსმეტიკის მფლობელები კი თავს რისკის ქვეშ ისე აგდებენ, რომ ამის შესახებ არც კი ეჭვობენ.


მეცნიერები ამბობენ, რომ დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლებმა მათი პროდუქციის გამოყენების შესახებ მომხმარებელს უფრო მკაფიო ინსტრუქციები უნდა მისცენ და შეფუთვაზე უფრო მკაფიოდ უნდა დაიტანონ მოხმარების ვადა.

მაგალითად, აშშ–ში კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს კოსმეტიკის მომხმარებლებს პროდუქტზე ვარგისიანობის ვადის მითითებას.ჰიგიენის ევროპული სტანდარტები ამ სფეროში მეტი სიმკაცრით გამოირჩევა. მაგალითად, ნაწლავური ჩხირი – E.Coli დეკორატიულ კოსმეტიკაში დაუშვებელია.

თუმცა მიკრობები კოსმეტიკაში მოხმარების პროცესში ჩნდებიან და აქტიურად იწყებენ გამრავლებას: მკვლევარებმა შესწავლილი კოსმეტიკური საშუალებების უმრავლესობაში (70-90%) აღმოაჩინეს სტაფილოკოკები, E.Coli სხვა ენტერობაქტერიები და სოკო ერთ მილილიტრზე რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასი ბაქტერიის კონცენტრაციით.
დასკვნაში კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მართალია კოსმეტიკა “არ ფუჭდება“ ისე სწრაფად, როგორც კვების პროდუქტები და თავის დეკორატიულ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებს, მაგრამ მათი ძალიან დიდხანს შენახვა და გამოყენება დიდი რისკია.

არადა, აქამდე ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა – 90%–ზე მეტი აღიარებს, რომ კოსმეტიკას ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგაც ხმარობს.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა