ნანა ლეჟავა თუ ნათია ლაზაშვილი.რუსთავი2–ის საინფორმაციოს უფროსთან დაკავშირებით ივანიშვილის კარზე აზრთა სხვადასხვაობაა
რუსთავი2–ის მფლობელად ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირებისა და ახალ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნის შემდეგ ოფიციალურად ითქვა, რომ არხზე სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ნიკა გვარამიას გარდა ახალი მფლობელი სამსახურიდან არავის გაშვებას არ აპირებს. თუმცა ეს განცხადება რეალობას არ შეესაბამება. ინფორმირებული წყაროს ცნობით სახელისუფლო გუნდში რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი უკვე შერჩეულია და ნოდარ მელაძის გაშვება მხოლოდ დროის და იურიდიული ტექნიკის საკითხია. რუსთავი2–ის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ივანიშვილის გუნდში მუშაობენ. თავდაპირველად საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნათია ლაზაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც წლების წინ რუსთავი2–ის სახე იყო, შემდეგ ივანიშვილის მეცხრე არხში მუშაობდა. არხის დახურვის შემდეგ კი მთავრობის პიარსამსახურში გადავიდა და დღემდე იქ მუშაობს.

ლაზაშვილის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტში კი მის ნაცვლად ნანა ლეჟავას დანიშვნა გადაწყდა. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ივანიშვილის გუნდში ამ თემაზე კვლავ არსებობს.  ნანა ლეჟავა იმედის საინფორმაციოს უფროსია, თუმცა ბოლო დროს მხოლოდ ფორმალურად. იმედს ამ ეტაპზე მთლიანად ლაშა ნაცვლიშვილი და მისი გუნდი აკონტროლებენ, რომელთანაც ნანა ლეჟავას ურთიერთობა ვერ აეწყო. ბოლო ვერსიით მას რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადაიყვანენ. ამ გადაწყვეტილებამ როგორც ამბობენ ნათია ლაზაშვილი გაანაწყენა, თუმცა მას ქიბარ ხალვაშის არხზე  სავარაუდოდ სხვა ფუნქციას გამოუძებნიან.
Print
ბოლო სიახლეები