“მივეცით დრო და საშუალება სინანულის“–სინოდის წევრები მეუფე პეტრეს აფრთხილებენ
მღვდელმსახურებიდან ხმაურიანი განცხადებების გამო განყენებულ მეუფე პეტრე ცაავას სინოდის წევრები აფრთხილებენ რიტორიკა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი იერარქიის საულიერო პირები შეიკრიბებიან და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ახლა უკვე ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე იმსჯელებენ. მეუფის ბოლო ხმაურიანი განცხადება, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა და ამის მტკიცებულება პროკურატურაშიც დევს- რამდენიმე სასულიერო პირისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს:

“ მეუფე პეტრე თავის საქციელით ბევრ რამეს იმსახურებს, მათ შორის განკვეთასაც. მაგრამ მივეცით დრო და საშუალება სინანულის. დანარჩენი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. როგორც პეტრე ამბობს, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბილწი ფილმები აქვს ტელეფონში, ეს მე პატრიარქთან რატომ უნდა დავაკავშირო. მხოლოდ იმიტომ რომ პეტრემ ასე თქვა? მე მისი არ მჯერა. ეს ყველაფერი ჭორაობაა. მეუფე პეტრეს ერთხელ პატრიარქზე კითხეს რამე კარგი გაუკეთებიაო? უპასუხა არ ვიციო. რა უნდა ვთქვა ასეთ ადამიანზე. მას არ შეუძლია კარგის დანახვა და ხედავს მარტო ცუდს. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს. ვერ გამოვრიცხავ ამ ყველაფერს ვინმეს დავალებით აკეთებდეს. “

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას განცხადებითთუ მეუფე პეტრე რიტორიკას არ შეწყვეტს, სინოდი იმსჯელებს და შესაძლოა ეკლესიიდან განკვეთის საკითხიც დადგეს.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ილია მეორის შესახებ სკანდალური ინფორმაცია ციხის საკანში მონახულებისას თავად დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მიიღო. ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა, რომელიც ამბობს, რომ ამაზე ძმასთან არასდროს უსაუბრია. თორნიკე მამალაძის თქმით , დეკანოზი საპატიმროს დატოვების შემდეგ თავად გადაწყვეტს ისაუბრებს თუ არა ეკლესიის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე.


მეუფე პეტრეს სრულ ნდობას უცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელმაც ჭყონდიდის ეპარქია სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ ეპარქიის ხელმძღვანელთან ერთად დატოვა. სასულიერო პირი დარწმუნებულია, რომ თუ წმინდა სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს, ბევრი რამ გაირკვევა

Print
ბოლო სიახლეები