ქვეყნები, სადაც ქალის ხვედრი უკიდურესად მძიმეა
მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა ისეთი, სადაც ქალები ყოველდღიურად ძალადობის, რეპრესიის და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. მათ იძულებით ათხოვებენ ან სექსუალური მონობისთვის ყიდიან. მათთვის ყველა პროფესია არ არის ხელმისაწვდომი. იმ პროფესიებში კი, რომლის ათვისების უფლებაც აქვთ ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ქალისთვის ყველაზე მძიმე გარემოა.

ინდოეთი

ინდური ტრადიციებით ქალის გასათხოვებლად მდიდრული მზითვია საჭირო. ამიტომაც ღარიბ ოჯახებში გოგონას დაბადება არ უხარით. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში 700 000 სელექციური აბორტი კეთდება მუცლადმყოფი გოგონების მოსაშორებლად. ინდოეთში ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ბევრად ნაკლებს შეადგენენ და მათი 70% რეგულარულად ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას. ინდოელი ქალებისთვის არც ქუჩაში გასვლაა უსაფრთხო: ქალების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ორჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცების მიმართ.

ეგვიპტე
არა მხოლოდ ეგვიპტის მიყრუებულ სოფლებში, არამედ მსხვილი ქალაქების გარეუბნებშიც ქალებს იძულებით ათხოვებენ. ზოგიერთ დასახლებაში კი ქმრისთვის გოგოს მიყიდვა შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ ქალს არ აქვს უფლება ისეთ კაცს გაჰყვეს ცოლად, რომელიც ისლამის მიმდევარი არ არის. და თუ ამას მაინც გადაწყვეტს, ამ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს გასაზრდელად მუსულმან მამაკაცს გადასცემენ.

სომალი

ამ ქვეყანაში გოგონებს წინდაცვეთას უკეთებენ, რათა მათ სექსუალური აქტისგან სიამოვნების მიღება ვერ შეძლონ. თავად პროცედურაც ხშირად ანტისანიტარულ პირობებში, ანესთეზიის გარეშე კეთდება და ზოგჯერ ლეტალური შედეგით მთავრდება.

ერაყი

9–12 წლის გოგონების მოტაცება სექსუალური მონობისთვის ამ ქვეყანაში ნორმად იქცა. ამის გამო მშობლებს
გოგონების სკოლაში გაშვება ეშინიათ. შედეგად ქალების განათლების დონე ქვეყანაში სწრაფი ტემპებით ეცემა.


პაკისტანი

ამ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონი არ არსებობს. ამიტომაც ქალების 90% რეგულარულად ხდება სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. გარდა ამისა, პაკისტანის ზოგიერთ რაიონში მიღებულია ქმრის დანაშაულის გამო ცოლის გაუპატიურება. ითვლება, რომ კაცის ცოდვებზე ქალმა უნდა აგოს პასუხი.


სუდანი

ქალების მდგომარეობა დარფურში (სუდანის დასავლეთი რეგიონი) ძალიან რთულია: მოტაცება, გაუპატიურება და იძულებითი გასახლება აქ რეგულარულად ხდება. კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ქალების დისკრიმინაცია აკრძალულია, თუმცა რეალობაში სხვაგვარად ხდება. ხშირად მცირეწლოვან გოგონებს ხანდაზმულ მამაკაცებზე გათხოვებას აიძულებენ.
Print
ბოლო სიახლეები