ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი - საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


"საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.

ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი“,- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი  2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.
Print
ბოლო სიახლეები