საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ-ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე

"ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისათვის და ხალხისათვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისადმი პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისადმი არის გამიზნული . შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს, რადგან ესმით, ე.ი. სწორედ ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ევროვნული ინეტერესების დაცვა. სწორედ, რომ ჩევნი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ, შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
Print
ბოლო სიახლეები