„თავისუფალი საქართველო“ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხმაურება
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხმაურება.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი რანგის დიპლომატის ეს კონკრეტული განცხადება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ადასტურებს იმას, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ნაწილი, სინამდვილეში, ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეები არიან, რომელთათვისაც საქართველო არის არა სუვერენული სახელმწიფო და პარტნიორი, არამედ ტერიტორია და კოლონია, რომელსაც განიხილავენ, როგორც ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიულ დაპირისპირებაში, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კი, მათთვის მეასეხარისხოვანია.

რასმუსენის განცხადებები წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსათვის, ვინაიდან თუ მოხდა ამ პოციზიასთან შეგუება და როგორც რასმუსენი ბრძანებს, დაიწყო დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, შემდეგ უკვე გარდაუვლად დაიწყება საქართველოსთან მიმართებაში იგივე პროცესი, რაც რამდენიმე წლის წინ, სერბეთთან დაკავშირებით დაიწყო.

რასმუსენის განცხადებები არაფრით განსხვავდება გავრილოვის ცნობილი განცხადებებისაგან და საქართველოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს მოვუწოდებთ, რომ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, ისევე, როგორც გავრილოვს, საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს. შემოღებულ უნდა იქნეს „რასმუსენისა და გავრილოვის სია“, რომელშიც ის პირები იქნებიან შეყვანილი, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას ეჭვის ქვეშ აყენებენ.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მემარცხენე და მემარჯვენე ფრთას, ე.წ. პროდასავლურ და ეროვნულ-კონსერვატიულ პოლიტიკურ პარტიებს: შევიმუშაოთ ერთობლივი დოკუმენტი, ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ცალსახად დავგმობთ და გავემიჯნებით ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას და დავადასტურებთ, რომ მისი ეს პროვოკაცია კატეგორიულად მიუღებელია დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი პოლიტკური სპექტრისათვის!

დისკუსიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე ნამდვილად უნდა დაიწყოს, ოღონდ უნდა დაიწყოს არა იმ კუთხით, მისაღებია თუ არა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატო-ში ინტეგრაცია, არამედ საერთოდ, აზრი აქვს თუ არა ნატო-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თუკი ამის შედეგად ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და არა აღდგენა?

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საგარეო, უწყება წლების მანძილზე ინტენსიურად მუშაობს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, რასმუსენის აღნიშნული განცხადება პირდაპირ ფრთებს შეასხამს მოსკოვის საგარეო პოლიტიკას, აგრეთვე, ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმებს, რათა
თავიანთი საქმიანობა გაააქტიურონ და მხარდამჭერები ეძიონ უკვე არა ტუვალუსა და ნაურუში, არამედ კოპენჰაგენსა და ვაშინგტონში!

მოვუწოდებთ, აგრეთვე, საქართველოს ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოებს და ნამდვილ პარტნიორებს, გაემიჯნონ ანდერს ფოგ რასმუსენის პროვოკაციულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. ეს იქნება იმის დასტური, რომ მისი განცხადება მხოლოდ მისი პირადი აზრია და არანაირად არ ასახავს დასავლეთის პოლიტიკური ელიტების განწყობას საქართველოს მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
Print
ბოლო სიახლეები