“ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა“– სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა
სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯლომარე, უმრავლესობის წევრები. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო. პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა:


ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საზღვრების თემით დავიწყოთ. დიახ, პრეზიდენიტს მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაცქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი - დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად.
ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამათუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქეს პრეზიდენტი და მაშასადამე ვალდებულია იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა, არამედ შერიგება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი - პრეზიდენტი ვალდებულია შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მითუმეტეს როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.
მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება - ეს არის პირველი ნიშანი რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენ დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს რაც ჩვენ წინ დგას, თუ ეს არ შეგვიძლია მაშინ ბევრი კითხვები ისმება.

აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების
შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია.

იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარების და წინსვლის მაგალითი. მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ.


კანონის უზენაესობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპი არის ასეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ თქვენზე დგას. ასევე ბოლოს, მაგრამ ასევე იქნებოდა თავში, უნდა გახსენოთ თქვენ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარევ და ყველა წევრებო, რომლებსაც გაკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.

ჩვენ ყველამ ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება, და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის.“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


Print
ბოლო სიახლეები