Wizz Air ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას 2019 წლის ნაცვლად 2020-ში დაამატებს


ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან 2 დამატებით თვითფრინავს და 12 ახალ მიმართულებას2019-ის ნაცვლად 2020 წლიდან დაამატებს.

Wizz Air- მა რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320-ის და თორმეტი ახალი მიმართულების დამატება დააანონსა ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე /ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბოინგების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ბოინგები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, თორმეტი ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

კომპანიაში აცხადებენ,რომ მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ზემოთ ხსენებული თორმეტი მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ.

"მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100% დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე. ავიაკომპანია Wizz Air-ი გულწრფელად უხდის ბოდიშს დაზარალებულ მგზავრებს აღნიშნული ფაქტით შექმნილი უხერხულობის გამო"- აცხადებენ ავიაკომპანიაში.
Print
ბოლო სიახლეები