ისანში პოლიციამ ბინის გაქურდვისას ორი მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ისანში დააკავეს.

ბრალდებულები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები".

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები.  ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print