"არ გაბედო!"- პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია დააონსდა
არ გაბედო! - ამ ლოზუნგით მოძრაობამ “ქვეყნის
სამსახურში” დღეს, 12 ნოემბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან
გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები საპარლამენტო
უმრავლესობას მოუწოდებენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
მხარი დაუჭიროს. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს
დაიწყო.
"პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის
მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით
უნდა ჩატარდეს.
განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა
სჭირდება!
პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული
განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის
შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული
დეპუტატების ნება!
2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის
პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24
ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის
წინაშე.
შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო
კანონის ჩაგდება! არ გაბედო!"- ნათქვამია განცხადებაში.