პატრიარქს ვთხოვე, ხვალ თანხა უნდა მივიტანო, არ მაქვს, დამეხმარეთ მეთქი - მეუფე იოანე გამრეკელი
მიტოპოლიტმა იოანე გამრეკელმა რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში ბოლო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია II-სთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა. როგორც მან მრევლთან გამომშვიდობებისას აღნიშნა, პატრიარქმა მას ფნანსური დახმარება გაუწია, რაც მისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა.

„ჩემს ცხოვრებაში იყო პრობლემა, მაშინ სტიქარში ვიყავი, არც ვიყავი ხელდასმული, ოჯახური პრობლემა მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც არ მქონდა. მივედი პატრიარქს ვთხოვე, რომ ხვალ ან ზეგ ეს თანხა უნდა მივიტანო და არა მაქვს, დამეხმარეთ მეთქი. ხელფასი მქონდა საპატრიარქოში, იქიდან დამიკავეთ და დავაბრუნებ თქო. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. რომ გადმომცა, ვუთხარი, უწმინდესო, მე დავაბრუნებ ამ ფულს და მან მითხრა, შენთან რომ გაჭირვებული მოვა და დაეხმარები, მაშინ დაიწყებ ამ ვალის გადახდასო. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის, რომელიც პატრიარქმა ჩამიტარა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფემ ისტორიის დასასრულს აღნიშნა, რომ პატრიარქმა არაერთხელ უწყალობა როგორც მას, ისე სხვებსაც, თუმცა სხვებისგან ჯილდოს სახით ქრისტეს მსგავსად ჯვარცმა მიიღო. „მერე კიდევ სრულიად მოულოდნელად არაერთხელ მიწყალობა. მე გამიკვირდა, რატომ, რისთვის. მე ერთი ხომ არ ვიყავი, რამდენს წყალობდა პატრიარქი და დღესაც რამდენს მოუთმინა, შეუნდო და სანაცვლოდ რას ღებულობს, იმ ჯილდოს, რაც ქრისტემ მიიღო. იმ ადამიანებისგან ჯვარი, ვისაც სიკეთე გაუკეთა. მაგრამ უფალმა თქვა, მიუტევე, არ იციან რას აკეთებენ და ასე ამბობს პატრიარქიც", - განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს მრევლთან საკმაოდ ემოციური გამომშვიდობება ჰქონდა. თვალცრემლიან მრევლს თავადაც ცრემლით დაემშვიდობა მღვდელმთავარი. ემოციური იყო მისი ბოლო ქადაგებაც რუსთავის ეკლესიაში.

მეუფე იოანემ რუსთავი 3 ნოემბერს დატოვა და ქუთაისში გაემგზავრა. შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. ეპარქიის ახალ მღვდელმთავარს ქუთაისში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უხელმძღვანელებს.



Print
ბოლო სიახლეები