ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი მან ორენბურგის ციხეში მოიხადა.

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. პროკურატურის მიერ გაგზავნილ 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდნენ. ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა. 

1952 წელს, ტყიბულში დაბადებულმა ტარიელ ონიანმა, რომელიც ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა, საქართველო წლების წინ დატოვა. 80-იან წლებში სარგებლობდა მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდის“ სტატუსით. ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტარიელ ონიანი ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. ესპანეთში ონიანი ბრალდებული იყო ფულის გათეთრებაში, თუმცა, მართლმსაჯულებისგან გაქცევა შეძლო.
Print
ბოლო სიახლეები