იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისი" მძვინვარებს (ფოტოამბავი)
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

ტაიფუნმა ჰაგიბისმა იაპონიის სანაპიროს შაბათს, 12 ოქტომბერს საღამოს მიაღწია. ტალღის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია.

ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო ტოკიოს სანაპიროსთან პანამური სატვირთო გემი ჩაიძირა.იაპონური სააგენტო "კიოდო"-ს ცნობით, გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან დაიღუპა ერთი, 7 კი დაკარგულად ითვლება. ეკიპაჟის წევრები მიანმარის, ვიეტნამის და ჩინეთის მოქალაქეები არიან.



სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ცენტრალური იაპონიის ქალაქი ნაგანო დააზარალა, სადაც მდინარე ჩიკუმას ნაპირსამაგრები ჩამოინგრა, რის შედეგადაც ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში წყლის დონე 5 მეტრს აღემატება.

ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი.

მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ტაიფუნმა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვისკენ აიღო გეზი და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.

„ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.


Print
ბოლო სიახლეები