"ბორჯღალოსნები" -"საუზერნ კინგსის“ წინააღმდეგ (შემადგენლობა)
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ-მატჩს სამხრეთ აფრიკულ გუნდ „საუზერნ კინგსთან“ გამართავს. მატჩი 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

რადგან მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეები შეთანხმდნენ და გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ. შედეგად, მწვრთნელებს საქმეში მეტი მორაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჯერ ამ თამაშებში და შემდეგ მსოფლიო თასზე უნდა გამოჩნდეს ის სამუშაო, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გავწიეთ. ‘საუზერნ კინგსთან’ და შოტლანდიის ნაკრებთან იმ ტაქტიკურ სიახლეებს გამოვცდით, რომელთა გამოყენებასაც მსოფლიო თასზე ვაპირებთ. საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს და მომავალი შეხვედრისთვის ყველა მაქსიმალურად მობილიზებული ემზადება."- განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. 

ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული პირველი ხაზი დააყენა: კვაჭი 19 წლის ვანო კარკაძეა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ხოლო ბურჯები 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 23 წლის გიორგი მელიქიძე იქნებიან.

მეორე ხაზში, ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში ითამაშა.

მესამე ხაზში ახალგაზრდა მორაგბეები დადგებიან - ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე, რომელთაგან ბოლო ორს, ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ხოლო საღინაძე შედარებით ახალი სახეა.

მგეზავად ბრუნდება ლაშა ხმალაძე, რომელიც გიორგი ბეგაძეს შეუწყვილდება.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, ფულბეკი სოსო მათიაშვილია, ხოლო ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური დადგებიან.

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა "ბორჯღალოსნების" სათამაშო ფორმები 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის.

ნაკრების ძირითადი მაისური  ღვინისფერი იქნება, ხოლო ალტერნატიული - თეთრი. ასევე კავშირმა წარადგინა "ბორჯღალოსნების" ჰიმნზე მოსასხამი, წარწერით "საქართველო".


Print
ბოლო სიახლეები