,,ეს ურთულესი ნაბიჯია ჩემს კარიერაში'' - არიენ რობენმა კარიერა დაასრულა
ჰოლანდიელმა ლეგენდამ არიენ რობენმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი მფრინავ ჰოლანდიელს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებდა რობენის მომავალი არაერთ გუნდში განიხილებოდა. იყო სპეკულაციები ამერიკაზეც, ჩინეთზეც და ევროპის წამყვან კლუბებზეც. თუმცა ყველასთვის გასაკვირად 35 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა.

“გადავწყვიტე, საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა და ეს ურთულესი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერაში, თუმცა ვთვლი, რომ დრო მოვიდა''. - ციტირებს რობენის სიტყვებს ჰოლანდიური მედია.

ჰოლანდიელ გარემარბს კარიერის განმავლობაში მუდამ სტანჯავდა ტრავმები. მიუხედავად ამისა, მას ფენომენალური კარიერა ჰქონდა და 602 მატჩში 210 გოლის გატანა და 162 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. რობენმა კარიერის საუკეთესო წლები უდაოდ მიუნხენის ბაიერნში გაატარა, სადაც 10 წლის განმავლობაში (2009-2019) 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 5-ჯერ გერმანიის თასის მფლობელი, 5-ჯერ გერმანიის სუპერთასის მფლობელი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის მფლობელი.
Print
ბოლო სიახლეები