ტორონტო რეპტორსი NBA-ის ჩემპიონია! - ოქროს შტატელებმა კიდევ ერთი ლიდერი დაკარგეს
დღეს გამთენიისას თბილისის დროით 05:00 საათზე ოკლენდში 2018-2019 წლის NBA-ის სეზონის ბოლო მატჩი შედგა. ერთმანეთს ორი ფინალისტი ტორონტო რეპტორსი და გოლდენ სთეით უორიორსი უპირისპირდებოდნენ. მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ტორონტო სერიაში 3-2 იგებდა და გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ჩემპიონობას იზეიმებდა.

მართლაც, ყველაფერი მათ სასიკეთოდ წარიმართა და კანადელებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ კავაი ლეონარდს მიუძღვოდა, რომელმაც მართალია 22 ქულა ჩააგდო, თუმცა ბრწყინვალე დაცვის თამაშით გუნდის უპირობო ლიდერი იყო.

ფინალში წაგება უორიორსისთვის ერთადერთი ცუდი ამბავი არ იყო. მათ მესამე მეოთხედის მიწურულს ტრავმის გამო გამოაკლდათ კლეი ტომპსონი, რომელიც უდაოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. სამწუხაროდ, ეს არ იყო მსუბუქი ტრავმა და კლეიმ როგორც აღმოჩნდა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტორონტოს რიგებში ირიცხება კალათბურთელი, რომელიც მხოლოდ 3 წელია რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობს და სამივე წელს მოახერხა გაჩემპიონება. პატრიკ მაქქომ ამჯერად ტორონტოსთან ერთად იზეიმა ჩემპიონობა, წინა ჯერზე კი უორიორსთან ერთად.

ფინალების საუკეთესო მოთამაშედ კავაი ლეონარდი დასახელდა. მას უკვე ორი ჩემპინობა და ორი ფინალების საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოუგროვდა.

Print
ბოლო სიახლეები