შესაძლოა მილტონ ჰეიგისთვის წლევანდელი მსოფლიო თასი ბოლო აღმოჩნდეს - რას წერენ იაპონიაში
მილტონ ჰეიგის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჭორები და ინფორმაციები არ წყდება. შეგახსენებთ, პირველად ამის თაობაზე ჰერალდმა დაწერა და მათი თქმით, მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცს ახალი ასპარეზი დასჭირდებოდა და ამის გამო იგი ნაკრებს დატოვებდა.

ამჯერად ჰეიგის წასვლის შესახებ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა რიჩ ფრიმენმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,რამდენიმე სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომ იაპონური გუნდი სანტორი საკუთარ არჩევანს საქართველოს ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგზე აჩერებს. ისინი მილტონ ჰეიგის გადაბირებას 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შეეცდებიან, რადგან სწორედ ამ დროს უმთავრდება კონტრაქტი ახალ ზელანდიელ სპეციალისტს საქართველოსთან''.

თავად მილტონს ამჯერად წასვლასთან დაკავშირებით
კომენტარი არ გაუკეთებია. წინა შემთხვევაში მან განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მსოფლიო თასზეა კონცენტრირებული და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან და კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იფიქრებს.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ ეროვნულმა გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია.
Print
ბოლო სიახლეები