NBA | გოლდენ სთეით უორიორსი v ტორონტო რეპტორსი - რას უნდა ველოდოთ?
31 მაისს თბილისის დროით გამთენიის 05:00 საათზე სტარტს აიღებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გოლდენ სთეით უორიორსი და ტორონტო რეპტორსი.

სუპერფინალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს, რადგან 2015 წლის შემდეგ პირველად, აღმოსავლეთ კონფერენციიდან ფინალში ახალი გუნდი იასპარეზებს. გარდა ამისა, 2010 წლის შემდეგ პირველად არ იქნება ფინალში ლებრონ ჯეიმსი. 

ფინალების ფავორიტი, რა თქმა უნდა, ოქროს შტატელები არიან, თუმცა ტრავმიანობა შანსებს შედარებით ათანაბრებს. მოგეხსენებათ, უორიორსის ლიდერი კევინ დურანტი ჯერ-ჯერობით ისევ ტრავმირებულია და გუნდს მინიმუმ პირველ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ასევე გაურკვეველია მოახერხებს თუ არა თამაშს დემარკუს ქაზინსიც, თუმცა ამის მიუხედავად ისინი მაინც ფავორიტებად რჩებიან.

ტორონტომ თავის მხრივ საკმაოდ რთული გზა განვლო ფინალამდე და მათ ორი ძალიან რთული მეტოქე დაამარცხეს, ვისთანაც აუთსაიდერად მიიჩნეოდნენ. მათ ჯერ ახალგაზრდა ვარსკლავებით დაკომპლექტებული ფილადელფია დაამარცხეს, შემდეგ კი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსს სძლიეს 4:2. სხვათაშორის ამ სერიაში ტორონტო 2:0 აგებდა, თუმცა მათ მოახერხეს კონცენტრაციის მოკრება და მეტოქეს ზედიზედ 4 თამაშში სძლიეს. აღსანიშნავია, რომეს ტორონტოს ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი სუპერფინალია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს რეპტორსის სუპერვარსკვლავის კავაი ლეონარდის ფენომენალური თამაში მთლიანი პლეიოფის განმავლობაში. მან ჯერ ფილადელფიასთან გამოიჩინა თავი ჯოელ ემბიდის ხელიდან ჩაგდებული გეიმ ვინერით, რომელიც სავარაუდოდ პლეიოფსი საუკეთესო სროლად შეირაცხება. შემდეგ კი მილუოკი ბაქსთან საშუალოდ 29.2 ქულა და ბრწყინვალე დაცვა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის იანის ანტეტუკომპოს წინააღმდეგ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ სერიაში.


კავაის გამორჩეული თამაში არაერთმა ცნობილმა კომენტატორმა აღნიშნა და ერთ-ერთმა მათგანმა მაქს კელერმანმა კავაის საერთოდ ჯორდანთან ყველაზე მიახლოებული კალათბურთელიც კი უწოდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უორიორსის უდაო ლიდერი სტეფ კარი, რომელიც კარიერაში საუკეთესო პლეიოფს ატარებს. კარი პორტლენდთან სერიაში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა და იგი საშუალოდ 36.5 ქულას აგროვებდა, რა დროშიც თამაშიდან 47.5%-ით უტევდა, რაც მისი გაბარიტების მოთამაშისთვის ფენომენალური შედეგია. საინტერესოა შეძლებს თუ არა კავაი მის გაჩერებას ან პირიქით, რას დაუპირისპირებს სტივ კერის გუნდი კავაის.

საინტერესო იქნება ასევე დრეიმონდ გრინისა და მარკ გასოლის დაპირისპირება სამწამიანში, რადგან ორივე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი მცველები არიან, თუმცა ესპანელს სიმაღლეში დიდი უპირატესობა ექნება და ამასთანავე ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ მარკს პერიმეტრიდან სროლაც შესანიშნავად გამოსდის, რაც დამატებითი თავსატეხი იქნება დასავლეთ კონფერენციის ლიდერებისთვის. 

ასევე შეუძლებელია არ ვახსენოთ კლეი ტომპსონი და კაილ ლოური, რომლებზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ სერიაში. როგორც წინა სერიებში, კლეისგან აქაც ველოდებით ძალიან კარგი დაცვის თამაშსა და სამქულიანების ცვენას, თუმცა ბოლო პერიოდში კლეის პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების პროცენტმა მოიკლო, ლოური კი პირიქით, მისთვის ძალიან კარგ პლეიოფს ატარებს.

და ბოლოს, გუნდის ფარული კოზირები ანდრე იგუადალა და პასკალ სიაკამი. იგუადალას დაცვას არაერთი თამაში გადაურჩენია უორიორსისთვის. სავარაუდოდ, სწორედ მას მოუწევს კავაი ლეონარდის აყვანა და შესაბამიად მასზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ამ სერიაში. შეგახსენებთ, რომ
ვარსკვლავური უორიორსის პირველ სუპერფინალში არა სტეფ კარი, არამედ ანდრე იგუადალა დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ. რაც შეეხება პასკალ სიაკამს, იგი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. პასკალმა შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად მოუმატა და თუ შარშანდელ პლეიოფში საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა წელს ეს რიცხვი 18-მდე გაზარდა და შეტევაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

მოთამაშეების სტატისტიკები კი ასეთია:

სტეფ კარი - 27.3 ქულა 45.2% სიზუსტით, 5.6 გადაცემა, 6.3 მოხსნა.

კლეი ტომპსონი - 19.1 ქულა 42.9% სიზუსტით, 2 გადაცემა, 3.9 მოხსნა.

დრეიმონდ გრინი - 13.6 ქულა, 8.2 გადაცემა, 9.9 მოხსნა.

კავაი ლეონარდი - 31.2 ქულა, 3.8 გადაცემა, 9.2 მოხსნა.

კაილ ლოური - 14.7 ქულა, 6.4 გადაცემა, 5.2 მოხსნა.





Print
ბოლო სიახლეები