F1 | მერსედესის დომინაცია გრძელდება - ჰამილტონი კვლავ შეუჩერებელია
26 მაისს მონაკოში ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დომინირებდნენ მერსედესის პილოტები ლეუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი და სტარტზე 1-2 ადგილებიც მათ გაინაწილეს.

კვალიფიკაციის სენსაცია აღმოჩნდა ფერარის ახალგაზრდა პილოტის შარლ ლეკლერის წარუმატებლობა. ის კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე გამოეთიშა პოულისთვის ბრძოლას და მან სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო. ფერარის მეორე პილოტი სებასტიან ფეტელი კვალიფიკაციაზე მე-4 პოზიციაზე გავიდა.

სტარტი მერსედესისთვის კვლავ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და 1-2 პოზიციას სწორედ ისინი ინაწილებდნენ და რბოლის ნახევარზე მეტი ასე გრძელდებოდა. თავის მხრივ, შარლ ლეკლერი ცდილობდა უკანა ეშელონებიდან თავის დაძვრენას და მონაკოს ვიწრო ტრეკზე არაერთი ძალიან ლამაზი გადასწრება გვაჩუქა. თუმცა 11 ადგილისთვის ბრძოლაში მან საკმაოდ უცნაურ ადგილას სცადა გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის გადასწრება და ამ ბრძოლაში მან მარჯვენა უკანა საბურავი გამოსდო გარე ბარიერს, რის გამოც ჯერ პიტ სტოპზე შესვლა მოუწია, შემდეგ კი საბოლოოდ მოუწია ბოლიდის გაჩერება.

როგორც ყოველთვის, მონაკოს გრან პრიზე არაერთი შეჯახება და კონტაქტი იყო ბოლიდებს შორის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ახალგაზრდა ჯიოვინაცი რობერტ კუბიცას უკნიდან გამოედო და საბოლოოდ მოასრიალა ეს უკანასკნელი. ამის გამო ტრეკზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა და მრბოლელებს შორის სხვაობაც განულდა. ამ დროს ვალტერი ბოტასმა პიტ სტოპზე შესვლა გადაწყვიტა და ამის გამო მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

საბოლოო ჯამში, იმის მიუხედავად, რომ ლეუის ჰამილტონი ბორბლების ცვეთას 30-ე წრიდან უჩიოდა იგი პიტ სტოპზე აღარ შესულა და მაქს ფერსტაპენის შეტევებს რბოლის ბოლომდე გაუძლო, რბოლის მიწურულს, 77-ე წრეზე ჰოლანდიელს ნერვებმა უმტყუვნა და არაერთი წარუმატებელი შეტევის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელი გადასწრების შესრულება მოინდომა, რაც საბოლოოდ შეცდომა აღმოჩნდა და მან პოზიციის გაუმჯობესების ნაცვლად გაიუარესა და 2 პოზიცია დაკარგა.

საბოლოო შედეგი ასეთია:

  1. ლეუის ჰამილტონი
  2. სებასტიან ფეტელი
  3. ვალტერი ბოტასი
  4. მაქს ფერსტაპენი
  5. პიერ გასლი
  6. კარლოს საინცი
  7. დანილ კვიატი
  8. ალექსანდრ ალბონი
  9. დანიელ რიკიარდო
  10. რომან გროჟანი
Print
ბოლო სიახლეები