კლიპერსის ისტორიული დაბრუნება - მოქმედ ჩემპიონებს პრობლემები აქვთ
დღეს გამთენიისას ოკლენდში ადგილობრივი უორიორსი პლეიოფის რიგით მეორე შეხვედრაში ლოს ანჯელეს კლიპერსს მასპინძლობდა (შეგახსენებთ სერიაში გოლდენ სთეითი იგებდა 1-0).

ოკლენდელებისთვის შეხვედრა ძალიან უსიამოვნოდ დაიწყო. მატჩის დაწყებიდან 4 წუთში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი დემარკუს ქაზინსი ტრავმის გამო გამოაკლდა. სტივ კერმა მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დემარკუსი დიდი ხანი ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

ტრავმის მიუხედავად, უორიორსის კალათბურთელები ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და არ გასჭირვებიათ უპირატესობის მოპოვება. ერთი შეხედვით ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდიოდა და მატჩიც ლოგიკურად მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მესამე მეოთხედში მატი უპირატესობა 31 ქულამდეც კი გაიზარდა.

თუმცა მატჩის მიწურულს კლიპერსის კალათბურთელები გამოფხიზლდნენ და ნელ-ნელა თამაშში დაბრუნება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს: 128:126.

უორიორსისთვის სამწუხაროდ დემარკუსი ერთადერთი დანაკარგი არ ყოფილა. მატჩის მიწურულს, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა კევინ დურანტმა მეექვსე ჯარიმა მიიღო არასწორად დაყენებული ბლოკისთვის და თამაშს ისიც გამოეთიშა. ორი ლიდერის გარეშე დარჩენილმა გოლდენ სთეითმა ყველაფერი სცადა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო. თავის მხრივ კლიპერსმა NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქამბექი შეასრულა.

ისტორიულ დაბრუნებაში კლიპერსის
რიგებიდან ლომის წვლილი ლოუ უილიამსმა შეიტანა. მის ანგარიშზე 32 წუთში 34 ქულა, 2 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა იყო. უორიორსის რიგებში საუკეთესო სტეფ კარი გახდა: 33 წუთში 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა.

სერია გათანაბრდა: 1-1. შემდეგი მატჩი უკვე ლოს ანჯელესში გაიმართება თბილისის დროით პარასკევს გამთენიისას 06:30.
Print
ბოლო სიახლეები