კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა
UFC-ის ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ამის შესახებ ირლანდიელმა თავის ოფიციალურ twitter-ზე დაწერა.

"მოგესალმებით, მეგობრებო, სწრაფ განცხადებას გავაკეთებ. გადავწყვიტე, თავი დავანებო სპორტს, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნება ეწოდება. ჩემს ძველ კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ", - წერს მაკგრეგორი.

მაკგრეგორის წასვლა ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ირლანდიელის მორიგი მეტოქე და თავად კონორიც აქტიურად საუბრობდა შემდეგ ბრძოლაზე. თუმცა მისი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია  UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს. 

"კონორს ფული აქვს და პენსიაზე
გასვლა შეუძლია, თან ვისკის ბიზნესიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ყველაფერი გასაგებია, მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. ის ბრძოლას აღარ აპირებს, მუშაობას კი განაგრძობს. ვისკის ბიზნესი უსაქმოდ ყოფნის საშუალებს არ მისცემს, ვფიქრობ, სხვა გეგმებიც ექნება. მისი ოქტაგონზე ცქერა კარგი იყო. კონორმა სპორტში წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ძალიან მიხარია მისი წარმატება და იმედი მაქვს, სხვაგანაც ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც ოქტაგონზე იყო", - განაცხადა უაითმა.

კონორმა კარიერის მანძილზე 25 ბრძოლიდან 21-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და UFC-ის ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა.



Print
ბოლო სიახლეები