ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს გუნდი 161-144 დაამარცხა
ყოველწლიურად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია თებერვლის პირველ ნახევარში მართავს "ყველა ვარსკვლავის" კვირეულს, სადაც NBA-ის საუკეთესო ამომავალ და გამოჩენილ ვარსკვლავებს იწვევენ.

ბოლო წლებში, რაც ამერიკაში იმატა ევროპელი კალათბურთელების რაოდენობამ, ამომავალი ვარსკვლავების დაპირისპირების ფორმატი შეიცვალა. აქამდე ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ახალგაზრდები უპირისპირდებოდნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ამომავალ ვარსკვლავებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე ბოლო წლებში ეს შეიცვალა და ახალი ფორმატით NBA-ის საუკეთესო ამერიკელი ახალგაზრდები უპირისპირდებიან სხვა ქვეყნების საუკეთესო ახალგაზრდებს.

წლევანდელი მატჩი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. როგორც წინა წლებში ამ შემთხვევაშიც ამერიკის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მსოფლიოს გუნდმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

საბოლოო ჯამში, მატჩი ამერიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 161-144.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ამერიკისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ახალწვეული კაილ კუზმა დასახელდა. გთავაზობთ მის სტატისტიკას და მატჩის გამორჩეულ მომენტებს: 22 წუთი, 35 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება.


Print
ბოლო სიახლეები