6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა
2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ- ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.
Print
ბოლო სიახლეები