ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში - ვატო წერეთელი
"არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში"-ეს განცხადება "ტვ პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წერეთლის განცხადებით, ის და თავისი ოჯახი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და მზად არიან ციხეში წავიდნენ.


„ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას. ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ის ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს. ეს ყველაფერი ხდება მართლა 2020 წლის არჩევნებისთვის. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია"

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პროკურატურა კი მილიონიან გირაოს მოითხოვდა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.ასევე, ამ საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.


Print
ბოლო სიახლეები