პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარული ავეჯის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი.


„ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილისთვის რამოდენიმე თვის წინ დასრულდა ავეჯის შესყიდვის პროცესი. პროცესის დაწყებამდე, 18 ივნისს ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე ვაცნობეთ ამის შესახებ. ის ფაქტი, რომ სასახლე ცარიელი იყო და ინვენტარი იყო შესაძენი, ვფიქრობ არანაირ დისკუსიას არ საჭიროებს.

ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას.

ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ავეჯი საქართველოშია შეძენილი და უცხოეთში არანაირი შესყიდვა არ განხორციელებულა.

„საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ. ბატონი ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტის მიერ ამ ნივთების საქართველოსთვის გადაცემას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ასეთი მასშტაბის შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს კულტურული მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები