ვინ გაერთიანდა ხაზარაძის "ლელოში" ცნობილი სახეებიდან


ცოტა ხნის წინ, ანაკლიაში მამუკა ხაზარაძისა და  ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია გაიმართა.

მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ გეგმებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა უნდა დასრულდეს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად  ცნობილი პოლიტიკოსების დახმარების გარეშე აპირებენ ბრძოლას. პრეზენტაციაზე  ხაზარაძემ თქვა, რომ ის და მისი მოძრაობა  სხვადასხვა სფეროს 12 ლიდერს შეკრებს.

„ჩვენ, დამოუკიდებლად, ახალი ძალებით, ყოველგვარი ცნობილი სახეების გარეშე, არავისთან ვითანამშრომლებთ, ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, გამარჯვებულნი, იქ გადავწყვეტთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენი მოძრაობა მიმართულია ხვალინდელ პერსპექტივაზე, და ვერანაირი წინააღმდეგობა შეუშლის ხელს”,- განაცხადა
ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება და მასში ახალი სახეებიც იქნებიან. დამფუძნებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, ვინ გაერთიანდება ცნობილი სახეებიდან  პოლიტიკურ პარტიაში.

მოძრაობის პრეზენტაციაზე საზოგადოებას ბევრი  ცნობილი სახე არ უნახავს. პრეზენტაციას ესწრებოდა საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც  მოძრაობის სპიკერი იქნება.

მოძრაობას ასევე შეუერთდა იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ასევე  საიას ყოფილი თავმჯდომარეა და  გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად  პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხაზარაძის მოძრაობას თემურ ჭყონიაც უერთდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ჭყონია ანაკლიაში "ლელოს" პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა.
Print
ბოლო სიახლეები