"თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მივიღე" - ხატია მოისწრაფიშვილი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის სპიკერის თანამდებობა დაატოვებინეს.

„ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს ყოველთვის ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათვის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა.

სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული.

მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არა სწორი და მცდარი ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ ამას ვაცნობებ პირველყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს. დამატებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია მოისწრაფიშვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოდარ მელაძის რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა, რომელშიც ამბობდა, რომ ნოდარ მელაძე მისი მეგობარია, მის მიმართ უამრავი თბილი სიტყვა თქვა და წარმატებები უსურვა. დღეს ეს სტატუსი ხატია მოისწრაფიშვილის ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა როგორც ამბობენ, ამ სტატუსმა ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია და მას ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხი მოთხოვეს, მათ შორის პირადად პრეზიდენტმაც.

პრეზიდენტის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გახდა

Print
ბოლო სიახლეები