ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები - პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე

ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი უკვე გამოეხმაურა. პაატა სალია მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს. 

სალიას განცხადებით "რუსთავი 2-ის" დავალიანების ოდენობიდან გამომდინარე, მისი სწრაფად დაფარვა ვერ მოხდება.

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პაატა სალიამ.

ფინანსთა მინისტრმა დღეს ტელეკომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები ერიცხებათ, მოუწოდა ვალები დროულად დაფარონ. მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიებსა ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. შესაბამისად, მინისტრის თქმით ყველა ტელევიზიას მოუწევს დავალიანების დაფარვა. მთავარი წინაპირობა კი ვალის გადანაწილების, მინისტრის განმარტებით, მიმდინარე თვის გადასახადის გადახდა იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების მხრიდან აღარ უნდა მოხდეს ახალი ვალების დაგროვება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის "რუსთავი 2-ის" დავალიანება 28 მილიონს აღწევს, 19 მილიონია "ტელე იმედის" ვალი, ხოლო იმედის ჰოლდინგში შემავალ "მაესტროს" სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მილიონი ლარი მართებს. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისეთ პატარა ტელევიზებს როგორებიც არიან "კავკასია" და "ტვ პირველი", ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ აქვთ.

Print
ბოლო სიახლეები