„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება მერიამ ვერ შეძლო“ - ხაბეიშვილი

საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ აუცილებლობის წინაშე, თბილისის მერია ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების გამო აღმოჩნდა. კომპანია, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი  ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს  უპასუხეს  საკრებულოს უმრავლესობაში. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ხაბეიშვილის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

„როცა იყო გადაცდომა, მათ შორის, ერთჯერად გადაცდომაზეც კი, არის რეაგირება და შესაბამისად, გაუქმდა ხელშეკრულება, დაიდო ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, რასაც მიეძღვნა სწორედაც, რომ ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ მას მოჰყვა პოლიტიკური და სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც არის ვითარება და არა საპნის ბუშტზე,“- განაცხადა  ტალიაშვილმა.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკვებით კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფდა, რომელსაც მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა.
Print
ბოლო სიახლეები