"კორუმპირებული უგულავა მიამიტი სახით და კალაძე წინამორბედის ჩრდილში": კალაძე-უგულავას დაპირისპირება

თბილისის მერი, კახა კალაძე მის წინამორბედს, გიგი უგულავას ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის თემასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა. მთავრობის დღევანდელი სხდომა კალაძემ ამ თემით დაიწყო:   

"მინდა, დავიწყო თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემით. ეს არის ვაკის პარკში, გიგი უგულავას მიერ, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი - უვადო სპეცნებართვა და ამ კომპანიას მიეცა უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა ააშენოს, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულია.

ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან მძიმეა. ამ მშენებლობას აქტივისტების ჯგუფი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია - ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული.

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი, მინაბული სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა, რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი",განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ინვესტორს, კალაძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა: "ეს ცალკე ისტორიაა - ის პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში - ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ".

თბილისის მერის საპასუხოდ, გიგი უგულავამ პრესკონფერენცია გამართა და კახა კალაძეს ურჩია, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს: ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება - როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია.

რაც შეეხება სასტუმროს აშენების თემას, დედაქალაქის ყოფილი მერი ასეთ განმარტებას აკეთებს: 2013 წლამდე "ბუდაპეშტის" ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება, აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. ამ კონტექსტში უგულავა ფონდის ჩამოყალიბებისა და თანხების შეგროვების მიზანშეწონილობაზეც საუბრობს.

დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, ამ გადაწყვეტილებას არ

მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად და კანონის შესაბამისად არ არის სწორი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა კიდეც, რომ მერიის გადაწყვეტილბა სამართლებრივად სწორი იყო. აქ დგას საკითხი მიზანშეწონილობის შესახებ. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია. იმას, რასაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ხალხს ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. კალაძე გვეუბნება, რომ ის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს, მაშინ როდესაც თუნდაც ატენის ქუჩასთან დაკავშირებით ამბობდა: რა ვქნა, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მშენებლობაზე ნებართვა უნდა მივცე. საზოგადოებამ სრული სურათი უნდა იცოდეს. ეს ისტორია 2013 წელს არ დაწყებულა. ისტორია 90-იან წლებში იწყება. როცა 90-იან წლებში რესტორანი "ბუდაპეშტი" დაიწვა, მაშინვე შევარდნაძის ახლო ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, კარგად ცნობილმა რიჟამ - გიორგი კაპანაძემ შეისყიდეს. მთელი საგა, ზღაპრები და სისულელეები, რომ მე რაიმე ინტერესი მქონდა, აქვე მთავრდება. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ ვერ დამბრალდება რაიმე კავშირი რიჟასთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ოცნება აუსრულა და ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ნახევრად სიმართლეა იმის თქმა, რომ "ბუდაპეშტის" პროექტში ზაქაიძეა, რადგან მის მიღმა კვლავ არის შევარდნაძე და კაპანაძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან". კალაძე და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი.

Print
ბოლო სიახლეები