ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის თემაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხდომას გამართავს. შეკრებაზე დასასწრებად საქართველოში დაბრუნდა მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიაც, რომელიც მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა - ამბობს, რომ დღეს მთავარია გამართული მართლმსაჯულების საკითხი და არა ის, თუ სად იქნება ეკა ბესელია 

მედიის მოლოდინი მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ წევრებთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხება - დარჩებიან თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში, ამ შეკითხვაზე პასუხს ელის მედია "ქართულ ოცნებაში" შეხვედრის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ შეხვედრას წინ უძღოდა მოსამართლეების განცხადება და მათი სიის გამო გამწვავებული დაპირისპირება მმართველ გუნდში. თუმცა როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი საკითხი, რაზეც არ ფიქრობს და რაზეც მის გონებაში ადგილი არ არის,  სწორედ მისი გარიცხვის თემაა და წუხს, რომ მედია ამ შეკითხვას ყველაზე ხშირად სვამს. 

"რაც შეეხება გუნდურობას, ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს - არ ვარ ის ადამიანი,რომელსაც ესწავლება, რა არის გუნდის შეხიდება. თუმცა ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებსა და შიდაპარტიულ ურთიერთობას შორის", ამბობს ეკა ბესელია. 

"ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს საქმიანი განწყობა და მოლოდინი, რომ სხდომაზე, რომელიც ამ ფორმატით დეკემბრის შუა კვირის შემდეგ პირველად იმართება, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი, არგუმენტირებული მსჯელობა ძალიან მნიშVნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპულ, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი - არგუმენტებით სავსე შეხვედრა იქნება დღეს და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე",განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე.  

რაც შეეხება სხდომაზე
განსახილველ საკითხებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ აცხადებდა: "საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით". 

მედიას ასევე აქვს მოლოდინი, რომ სხდომაზე შესაძლოა, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილონ, თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ შესაძლებლობას არ უშვებს.


Print
ბოლო სიახლეები