მომღერალი ხარ თუ მუსიკის მასწავლებელი? ბურჯანაძე "აპოლიტიკურ პერსონა" პრეზიდენტს აკრიტიკებს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე სერიოზულად საუბარი უჭირს. ამ შინაარსის შეფასება გააკეთა პოლიტიკოსმა, როდესაც "ტვპირველის" ეთერში დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა ზურაბიშვილის სიტყვებზე, რომ ის პოლიტიკური პერსონა აღარ არის. ნინო ბურჯანაძეს უკვირს, რატომ მიდის პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ვიზიტად, თუ ის პოლიტიკური ფიგურა არ არის: 

"როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა თქვას, რომ პოლიტიკური პერსონა არ ვარო. აბა რა არის? მომღერალი თუ მუსიკის მასწავლებელი? ასეთ აბსურდში და სამარცხვინო ვითარებაშია ჩავარდნილი ქვეყანა - დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ალბათ, თქვენთვის ეს
მაქსიმუმია რაც მოგწონთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას შეეფერება. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რატომ მიდის სტრასბურგში, სასეირნოდ მიდის? პოლიტიკური პერსონა თუ არ არის, რა უნდა სტრასბურგში სახელმწიფოს ხარჯზე? სირცხვილი და თავის მოჭრაა. გილოცავთ ყველას, ვინც აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც გეუბნებათ, რომ არ არის პოლიტიკური ფიგურა, არ ეხება რუსულ-ქართული ურთიერთობები, სასამართლოები, არაფერი ეხება, და ეხება მარტო კლარნეტის ყიდვა. გილოცავთ, კარგად დავიწყეთ 2019 წელი".
Print
ბოლო სიახლეები