თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი "სიყვარულით სავსე ქალაქი" იქნება

 

 

თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი "სიყვარულით სავსე ქალაქი" იქნება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საახალწლო სოფელი მსურველებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

საახალწლო გალა-კონცერტზე 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 170 შემსრულებელი ეყოლება.

საახალწლო სოფელში, რომელიც რეპუბლიკის მოედანზე იქნება, დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კულინარიაც იქნება წარმოდგენილი.

"საკმაოდ საინტერესო და თბილი განარემი იქნება. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას "იმისიანებად" "ამისიანებად", კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, "ჩარეცხვა", როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში. 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი", რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გალა-კონცერტს, კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. "ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა და, რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი".
Print
ბოლო სიახლეები