პრემიერი: მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ძირეული პრობლემა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს "ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის გახდა საჭირო.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს სტრატეგია საშუალებას იძლევა, ძალიან მოკლე ვადაში აღმოიფხვრას ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით ქვეყანას აქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას და ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.

"სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება", თქვა მამუკა ბახტაძემ.
Print
ბოლო სიახლეები